(რეზონანსი) პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა ივანე ნაკაიძე გამოკითხა.
კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან მალევე, დეკემბრის პირველ დღეებში ის შსს-ში იმყოფებოდა.
კომისიის წევრის ოთარ კახიძის თქმით, მისი გავლენის გათვალისწინებით ბიზნეს სექტორში, მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო მისი როლი ამ საქმეში.
„ის იმყოფებოდა დეკემბრის პირველ რიცხვებში შსს-ში და მისი ვიზიტის შემდგომ გამოცხადდა მსჯავრდებული გ.ჯ. პოლიციაში. უამრავი კითხვა არსებობს ამ საკითხის ირგვლივ, თუ სად იმყოფებოდა გ.ჯ. პირველი დეკემბრის საღამოდან 4 დეკემბრამდე, ხომ არ იგეგმებოდა ან ხომ არ მომხდარა მისი გადაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ; რატომ არ თანამშრომლობდა იგი გამოძიებასთან, არ აძლევდა ინფორმაციას პოლიციას, სასამართლოს ბოლო ეტაპამდე. აგრეთვე, კითხვები, რომელიც უკავშირდება მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე ინფორმაციას, აგრეთვე მსჯავრდებულის ოჯახის შესაძლო კავშირს ბერა ივანიშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან - ეს იყო კითხვები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, რომელიც საგამოძიებო კომისიის წევრებმა დასვეს, რადგანაც ჩვენი ინტერესი საქმის ობიექტური გამოძიებაა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ნაკაიძე საზღვარგარეთ ცხოვრობს, რის გამოც, მისი დაკითხვა „სკაიპით" მოხდა.