პირველ რიგში, მოიმატებს საწვავის, მედიკამენტებისა და იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება
თამარ შუკვანი
15.08.2018

 ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სამომხმარებლო პროდუქცია დღე-დღეზე გაძვირდება. ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი ეცემა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით და ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი აქვს. იმპორტიორები ამბობენ, რომ ყველა შემოტანილი პროდუქტის ფასი მოიმატებს, რადგან დოლარის მაღალი კურსი თვითღირებულებას ზრდის. სავარაუდოდ, 1 კვირაში გაძვირდება საწვავიც, რომელიც, წესით, ამ დღეებში უნდა გაიაფებულიყო.

ლარის გაუფასურების მიზეზი საგარეო ფაქტორები და რუსულ-თურქული ვალუტების გაუფასურებაა, რამაც ასახვა ქართულ ლარზეც ჰპოვა. ქვეყნიდან მილიონობით დოლარი გადის და სავალუტო ბაზარზე უკვე გაცხოველებული მოთხოვნაა ამერიკული ვალუტის მიმართ.

იმპორტიორები ამბობენ, რომ შექმნილი მდგომარეობა აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას პროდუქციაზე და ეს შეეხება როგორც შემოტანილ, ასევე ადგილზე წარმოებულ პროდუქტებსაც, რადგან საწავავის ფასი, რომლის ზრდაც გარდაუვალია, ყველა სხვა სამომხმარებლო პროდუქტზე ახდენს ზეგავლენას. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება მედიკამენტების ფასზე კურსის ცვლილება, მით უფრო, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამინები (ძირითადად პენსიონერები) სოციალურად ყველაზე მეტად მოწყვლადი ფენაა.

ნავთობიმპორტიორები "რეზონანსთან" საუბრისას არ მალავენ, რომ თუკი კურსი იგივე დარჩა, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მათ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ. ამჟამად ფასის შენარჩუნებას მხოლოდ ის უწყობს ხელს, რომ ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის კლების ტენდენცია იყო, თუმცა რუსეთსა და თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, ამ მიმართულებითაც ცვლილებას ელოდებიან.

"იმ შემთხვევაში, თუ 1 კვირის განმავლობაში ლარი გამყარებას არ დაიწყებს, იძულებული ვიქნებით, საწავავის ფასი გავზარდოთ. ამ ეტაპზე საცალო ქსელში სტაბილურობას მხოლოდ მსოფლიო ტენდენცია უწყობს ხელს, რადგან ნედლი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ბოლო დღეებში იაფდებოდა, თუმცა სამი დიდი ქვეყნის დაპირისპირებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენციაც შეიცვალოს.

ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება მოხდება, თუმცა ამის არავითარი ლოგიკური პირობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ასე რომ, უფრო მეტად სავარაუდოა ფასების ზრდა საწვავზე", - აცხადებენ ნავთობიმპორტიორები.

საკვები პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება, რასაც ბოლო დღეებში შეუქცევადი ხასიათი აქვს, აუცილებლად აისახება პროდუქციის ფასზე. საქონლის ღირებულების ზრდა გარდაუვალია.

"პროდუქციამ, რომელიც ამ დღეების განმავლობაში შევიძინეთ, განბაჟების შემდეგ, უკვე აჩვენა მეტი თვითღირებულება. ეს ნიშნავს, რომ მისი გაზრდილი ფასით გაყიდვაც მოგვიწევს. ამ დღეებში თუ ფასი არ გაიზარდა, ჩათვალეთ, რომ ბიზნესი ზარალობს და არ სურს მოსახლეობის დაწნეხვა.

შეიძლება, რომ ასეთ დროს მოიცადო და რამდენიმე დღის მერე შეიძინო პროდუქცია, თუმცა ყველას უარყოფითი მოლოდინი აქვს. ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ შეიძლება, ლარი მეტად გაუფასურდეს და ამიტომ ყველა ჩქარობს, საქონელი შემოიტანოს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, ეს გაუფასურება ფასებზე აუცილებლად აისახება. დამატებით არასასიამოვნო მოლოდინის შემქმნელია სამეზობლოში არსებული ვითარება", - განუცხადა "რეზონანსს" გოგოჩაიშვილმა.

ანალიტიკოსი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ფასების ზრდა ლოგიკურია იმ პირობებში, როცა ბიზნესს უარყოფითი მოლოდინი აქვს. ლარის გაუფასურების ტენდენცია, შესაძლოა, გაგრძელდეს და ბიზნესი მარაგის გაკეთებას ამ კურსის პირობებში არჩევს.

"იმპორტიორები თავს იზღვევენ და ცდილობენ, პროდუქცია ახლანდელი კურსის პიროებში შეიძინონ, რადგან არსებობს უარყოფითი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურებას კვლავ გააგრძელებს. რუსეთსა და თურქეთში განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ მოსალოდნელია შემდგომი გაუფასურება.

არის კიდევ ერთი მომენტი, რამდენად გაზრდიან ფასს. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ, პირობითად, თვითღირებულება მოიმატა 2 თეთრით, მაგრამ დისტრიბუტორები და იმპორტიორები 5 თეთრს უმატებენ. მომდევნო გაძვირებების დროს კი ამას არ ითავლისწინებენ, კიდევ ერთხელ ზრდიან ღირებულებას.

ამჯერად თითქმის 80%-ით მაინც საგარეო ფაქტორების გავლენაა ლარზე და მხოლოდ 20%-ია მოსახლეობისა და ბიზნესის გარკვეული ნაწილის უარყოფითი მოლოდინი. ერთადერთი, რითაც შეიძლება ლარის გარკვეული გამყარება მოხდეს, შიდა რესურსია. ეროვნული ბანკი უკვე ერთი წელია, ავსებს რეზერვებს და სისტემატურად იღებს ბაზრიდან დოლარს. ამ ეტაპზე აუცილებელია, ეს პოლიტიკა შეაჩეროს და ინტერვენცია განახორციელოს, რათა დოლარზე დეფიციტი ცოტათი ამოივსოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ჭარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×