პროფესორი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე მთავარი მოქმედი და პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, რომელმაც საზოგადოებას უნდა აუხსნას გაუფასურების მიზეზები და ამავე დროს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ არ იყოს ნახტომები.
"ნაცვლად, რომ მისი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ პარასკევს გამოსულიყო და მშვიდად აეხსნა ხალხისთვის სიტუაცია და მიეღოთ ზომები სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დუმს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა.
პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა განცხადება უნდა გააკეთოს. კი არ უნდა დაიმალოს, არამედ ხმა უნდა ამოიღოს. უნდა აუხსნას საზოგადოებას, რამდენად არის ეს პროგნოზირებადი. გარკვეულწილად სიმშვიდის შეტანაა საჭირო სავალუტო ბაზარზე. რაც შეეხევა რეზერვების ხარჯვა-არხარჯვას, ის არ უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ლარის კურსი შევინარჩუნოთ იმ დონეზე, რამდენზეც გვაქვს. თუმცა, რეზერვების გარკვეული ნაწილის ხარჯვა მიზანშეწონილია იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაუფასურებაში არ იყოს ნახტომები, იყოს პროგნოზირებადი და სავალუტო ბაზარზე არ შეიქმნას პანიკა", - აღნიშნა პაპავამ.