"ამერიკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ახორციელებს", - ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე.
"შეიძლება, პარალელი გავავლოთ ამერიკის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ჩვენთან მიმდინარე "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის წვრთნებსა და მათ მიერ წამოწყებულ სამხედრო წვრთნებს შორის.
"საერთოდ, ტრადიციულად ასეა: თუ დავაკვირდებით, როგორც კი აქ წვრთნები დაიწყება, იქაც იწყება სამხედრო წვრთნები. ხდება ჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება, თითქოს გვეუბნებიან, არც ჩვენ ვართ თქვენზე ნაკლებიო.
"აფხაზურ მხარეს თავისი, პრაქტიკულად, არაფერი გააჩნია. ის წვრთნები მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მით უმეტეს დღეს სოხუმში ომის დაწყების დღეა", - განაცხადა ლევან კიკნაძემ.
თანასწორობისა და შერიგების საკითხებში ყოფილი სამხედრო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნები შეიძლება, ძალის დემონტრაციად ჩაითვალოს, მაგრამ ამით ახალი არაფერი ხდება და ამის გამო შეშფოთება არ ღირს.
"ეს არის ძალის დემონტრირება და ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. ოკუპაცია და ანექსია გრძელდება, ამით ახალი არაფერი ხდება. რუსებს უნდათ, საქართველოს მოკავშირეებს აჩვენონ, რომ ისინი ყველაფერს ხედავენ და რეაგირებენ კიდეც", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, სადაც 2 500 სამხედრო და 600 სამხედრო ტექნიკის ერთეული მონაწილეობს.
"სწავლებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის ორ ეტაპად არის დაყოფილი და პოლიგონებზე გაიმართება, სადაც აფხაზურ დანაყოფებთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს განვახორციელებთ", - აცხადებს რუსეთის 49-ე არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი ვლადისლავ ერშოვი.
აფხაზეთში მიმდინარე წვრთნების პარალელურად საქართველოში, ვაზიანის აეროდრომზე მიმდინარეობს "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის სამხედრო წვრთნები, რომელიც ოფიციალურად პირველ აგვისტოს დაიწყო. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერებით ხორციელდება.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ მიმდინარე სამხედრო წვრთნები შესაძლოა, მუქარად ჩაითვალოს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხდება რუსეთის მხრიდან ძალის დემონტრაცია, რასაც შესაძლოა, პროვოკაციული ქმედება ვუწოდოთ.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში სათანადო შეფასება მისცა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა.
"ეს სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
"ჩვენ რუსეთის ყველა მსგავს პროვოკაციულ ქმედებაზე მყისიერად ვრეაგირებთ და დაუყოვნებლივ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების, უკანონო მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების საკითხს ასევე მუდმივად ვაყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ რუსეთის ფედერაცია მსგავსი ქმედებებით ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.