"ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ წამოდგენილ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანიარი შანსი არ აქვთ.
"რაც შეეხება უსუფაშვილს, მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და პიროვნულად მხარდამჭრებიც ჰყავს, მაგრამ იგი მაინც ასოცირდება "რესპუბლიკურ" პარტიასთან, რომელსაც დიდი რეიტინგი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში", - რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში და დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, ამ საკითხებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას გაესაუბრა.
"რეზონანსი": პრეტენდენტთა რაოდენობით, მათი პოლიტიკური წონისა და წინასაარჩევნო პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო რჩევნები ყველაზე კონკურენტული არჩევნები იქნება, ეთანხმებით მათ მოსაზრებას?
იგორ კვესელავა: თუ გავითვალისწინებთ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობას, რომელიც შეიძლება 40-მდე ავიდეს, რაოდენობრივად კონკურენტული იქნება, მაგრამ მათი პოლიტიკური წონიდან გამომდინარე რამდენად კონკურენტული იქნება, ვერ გეტყვით.
"რ": მით უმეტეს იმ ფონზე, როცა "ოცნებას" თავისი კანდიდატი არ ეყოლება? პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებაში" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტია თავისი კანდიდატით არ მიიღებს მონაწილეობას. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას?
ი.კ: რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა, ალბათ, თავისი გათვლები აქვთ, კერძოდ - ბიძინ ივანიშვილს. მაგრამ როგორ მიიღებს მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება და როგორ აისახება ეს "ოცნების" იმიჯზე, ვერ გეტყვით.
ალბათ იქნება მოსაზრებები: პარტიას აღარ აქვს რესურსი, მათ საპრეზიდენტო კანდიდატიც ვერ შეარჩიესო ან შეიძლება ისეთი აზრიც ჩამოყალიბდეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაც კი დაკარგოსო.
ბევრი ჩასაფრებულიც აკვირდება ამ მოვლენებს და პოზიციების დათმობა საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვფიქრობ, "ოცნებას" არჩევნებში მონაწილოება უნდა მიეღო და თავისი კანდიდატი დაესახელებინა.
"რ": როგორ ფიქრობთ, "ოცნება" დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზეც ხომ არ იტყვის უარს, თუ ბიძინა ივანიშვილმა როგორც თქვა, ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტიო, ასე იქნება?
ი.კ: არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე იოლად დათმოს პოზიციები. მას ბრძოლა 2011 წელს არ დაუწყია, უფრო ადრე დაიწყო და გამარჯვება იოლად არ მოუპოვებია. ვფიქრობ, პროცესებს დღესაც კარგად მართავს და სავარაუდო გათვლებიც ექნება.
ძალიან გონიერი მოქმედებაა საჭირო, რადგან წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და "ოცნებაში" უნდა დასხდნენ და იფიქრონ, როგორ მივიდნენ ამ არჩევნებამდე; რა შეცვალონ პარტიაში, რა რეფორმები გაატარონ, რომ მოსახლეობის ნდობა დაიბრუნონ.
პარტიაში საჭიროა ახალი სისხლი, მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდების ხარჯზე ვერ მოხდება, ძველ თაობასთან ერთად, ინტელექტუალურ ძალებთან ერთად უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება ცვლილებებთან დაკავშირებით.
აუცილებელი არ არის, პარტიას ისევ "ოცნება" ერქვას, ამ სახელმაც თავისი პოლიტიკური დრო ამოწურა. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით ჩაერთვება "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში, არა მგონია, რომ სრული ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ალბათ რაღაც ფორმით მაინც ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში.
"რ": ე.ი. შეიძლება, მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს?
ი.კ: სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, თავად პარტიაში პოზიციები გაყოფილია. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ოცნების" მხარდაჭერის გარეშე გამარჯვება მოიპოვოს და გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
"რ": არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს გამარჯვების რა შანსები აქვთ?
ი.კ. "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ წამოდგენილ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანიარი შანსი არ აქვთ.
რაც შეეხება უსუფაშვილს, მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და პიროვნულად მხარდამჭრებიც ჰყავს, მაგრამ იგი მაინც ასოცირდება "რესპუბლიკურ" პარტიასთან, რომელსაც დიდი რეიტინგი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჯერ კიდევ არის დრო, და შეიძლება ისეთი დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდეს, რომელსაც "ოცნება" მხარს დაუჭერს.
"რ": არადა, ოპოზიცია მეორე ტურზე აკეთებდა აქცენტს, მათი გათვლებით, "ოცნებას" რა ფორმითაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა 2018 წლის არჩევნებში, ფიქრობდნენ, რომ მის კანდიდატსაც და მხარდაჭერილსაც მოუწევდათ მეორე ტურში ოპოზიციასთან ორთაბრძოლა.
ი.კ: არავითარი მეორე ტური არ გაიმართება, თუმცა ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. ჩემი აზრით, მეორე ტური გაიმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" მართლაც სრულ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, ანუ დამოუკიდებელ კანდიდატსაც არ დაუჭერს მხარს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატებს მართლაც მოუწევთ ერთმანეთთან ორთაბრძოლა.
"რ": სალომე ზურაბიშვილიც და დავით უსუფაშვილიც აცხადებენ, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ შევლენ ავლაბრის რეზიდენციაში. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი თბილისში გადმოვა, პრეზიდენტის რეზიდენცია იქნება ათონელის ქუჩაზე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება საქართველოს რესპულიკის სასახლე...
ი.კ: ამ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები, პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიდეს. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა იყოს მოკრძალებული, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე და რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, პრეზიდენტის სასახლე თავის ფუნქციას კარგავს და ამ შენობაში შეიძლება მართლაც გაიხსნას რესპულიკის სასახლე, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება