"თუ ჩვენ განვათავსებთ აშშ-ის სამხედრო ბაზას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იქნება გარანტი, რომ ვერც ერთი აგრესორი ვერ შეძლებს თავდასხმას"
ტატა შოშიაშვილი
15.08.2018

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 716 მილიარდი დოლარია. კანონში ცალკე თავი ეთმობა ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების აუცილებლობას.

დოკუმენტის ამ ნაწილში ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობა, მათ შორის - თავდაცვითი საშუალებებით ლეტალური იარაღიც, რამაც უნდა განამტკიცოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, მზადყოფნა და გააუმჯობესოს ნატო-ს ძალებთან ოპერატიული თავსებადობა.

სამხედრო ექსპერტები ვახტანგ მაისაია და ამირან სალუქვაძე მიიჩნევენ, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის გარკვეული სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად საჭიროა დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ქვეყანას საქართველოს დახმარების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

"სამხედრო პირობებში დახმარების გაწევას სჭირდება შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების გაფორმება. ეს სპონტანურად ვერ მოხდება. პრიციპში, სერიოზული სამართლებრივი ბაზა და მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა. შესაძლოა, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს მოლაპარაკებები და გაფორმდეს ხელშეკრულება", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკას, ნატო-სგან განსხვავებით, შეუძლია საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევა: "ამერიკას ჩვენთან 2009 წლის 20 იანვარს აქვს გაფორმებული სტრატეგიული ქარტია, სადაც, ბუნებრივია, თავდაცვის სამხედრო ბლოკში დაფიქსირებულია სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. თუ დასჭირდა ეს და პოლიტიკური ნებაც იქნება, ამერიკას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, შეუძლია, რომ ორმხრივ დონეზე აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება საქართველოს.

"დახმარების ფორმები შესაძლებელია, იყოს განსხვავებული. მაგალითად, შეიძლება, რომ შეიარაღება მიაწოდონ ქვეყანას ან სამხედრო სტრუქტურების ჩამოყვანა უზრუნველყონ. ასევე შესაძლებელია სხვა ტიპის სამხედრო ძალის დემონსტრირებაც ისევე, როგორც აგვისტოს ომის პერიოდში, როდესაც ორი ნაღმოსანი შემოვიდა ქვეყანაში. ქარტიის არსებობის ვარიანტში, თეორიულადაც, პრინციპში ეს სცენარი სავსებით დასაშვებია", - ამბობს მაისაია.

სალუქვაძის თქმით, აშშ-ში რთული იქნება იმის პროგნოზირება, რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას საქართველოს სამხედრო საკითხში დასახმარებლად: "მსგავსი განცხადებები, როგორც წესი, არ კეთდება ღიად იქამდე, სანამ არ გაფორმდება ყველაფერი სათანადოდ. ამაზე რთულია საუბარი. ის ტენდენციები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაშია, კარგ პირობებს იძლევა ამ მხრივ ურთიერთობის გასავითარებლად.

"უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა განთავსებულია თურქეთში, გარდა ამისა, ბაზები არის ახლო აღმოსავლეთშიც და, სამხედრო მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია დესანტირების განხორციელება", - ამბობს სალუქვაძე.

"რეზონანსთან" საუბრისას მაისაიამ აღნიშნა, რომ ამერიკისგან რეალური დახმარების მისაღებად მიზანშეწონილი იქნებოდა დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება ქვეყნებს შორის.

"მაგრამ, ჩემი აზრით, დახმარების მიღებისთვის საჭიროა თავდაცვისა და სტრატეგიული დახმარების აღმოჩენის შესახებ ცალკე ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უშუალოდ აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის უფლებას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მათ სტრატეგიულ პარტნიორს საფრთხე დაემუქრება, გამოიყენონ ძალა გარე აგრესიის მოსაგერიებლად.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაფორმებთ ცალკე ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკა შეძლებს დახმარებასა და სამხედრო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ვერც ერთი გარე აგრესორი ვერ შეძლებს თავდასხმას.

"ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა ორმხრივი სპეციალიზირებული შეთანხმება, რომელიც მეტ ბერკეტს მისცემს ამერიკას საქართველოს გარე აგრესორისაგან დასაცავად.

"ამერიკელი ნეოკონსერვატორები საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილი, დემოკრატებისგან განსხვავებით", - თქვა მაისაიამ.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ამერიკას საქართველოს მეზობელ რამდენიმე ტერიტორიაზე აქვს განლაგებული თავისი სამხედრო ბაზები, რომლის მეშვეობითაც, საჭიროების შემთხვევაში, თეორიულად, შეძლებს საქართველოს დახმარებას.

"თეორიულად შესაძლებელია იმის თქმა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია საჰაერო დახმარების გაწევა საქართველოსთვის თურქეთში განლაგებული სამხედრო-საჰაერო ბაზების მეშვეობით, ეს არის ანატოლიასა და ინჯირლიკის სამხედრო ბაზები.

"ამერიკის კონტინგენტის განთავსება ასევე იგეგმება რუმინეთში. ჩვენთან არის სამხედრო ჯგუფი, რომელიც გვეხმარება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და რეფორმირების საკითხებში", - განაცხადა მან.

სალუქვაძის განცხადებით, ამერიკის გარდა, მხოლოდ ნატო შეძლებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

"მხოლოდ ნატო-სა და ამერიკას შეუძლია შესაბამისი დახმარების გაწევა. იმ გარემოცვაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ალტერნატივა არ არსებობს.

"თვითონ რუსეთი არ ტოვებს ამ ალტერნატივას, ის არ ითვალისწინებს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, თორემ ჩვენ მას შემდეგ დავიწყეთ ნატო-სთან თანამშრომლობა, რაც დსთ-ში შევედით პირველი ომის შემდეგ იმ მოლოდინით, რომ მოვახერხებდით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ არაფერი გამოვიდა", - აღნიშნა სალუქვაძემ.

მაისაიას თქმით, თეორიულად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, რომ ამერიკის გარდა საქართველომ დახმარება სხვა ქვეყნებისგანაც მიიღოს.

"სამხედრო დახმარების აღმოჩენა თურქეთსაც შეუძლია, ყარსის ხელშეკრულების პირობები ჯერ არავის გაუუქმებია. თუმცა, დღეს, როდესაც თურქეთისა და რუსეთის უნტერესები გადაიხლართა და ისინი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, არავინ იცის, თურქეთის მხარე რას მოიმოქმედებს, რადგან უკანასკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა საკმაოდ გამწვავდა. აღსანიშნავია, რომ ისინიც სტრატეგიული პარტნიორები არიან და გარკვეული ხელშეკრულებები არსებობს მათ შორის. სხვა პერსპექტივებს მე ნამდვილად ვერ ვხედავ", - დასძინა მან.

"რეზონანსთან" საუბრისას სალუქვაძემ განაცხადა, რომ საჭიროა მეტი აქტიურობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

"საჭიროა მეტი ტემპები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ზოგადად, სამხედრო მანქანის რეფორმირების კუთხით. მეტი მასშტაბებია საჭირო, რათა მოხდეს თავდაცვის სისტემის გაუმჯობესება".

მაისაიას აზრით, არსებობს გზები იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ძალებით მოახერხოს და დაიცვას თავი საგარეო საფრთხეებისგან.

"არსებობს გეგმები, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველოს შეუძლია საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა იმ მცირე საშუალებებით, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. მაგრამ ამისთვის საჭიროა კომპეტენტური ადამიანების მუშაობა, ხოლო თავდაცვის სამინისტროში, გენშტაბისგან განსხვავებით, არაკომპეტენტური ადამიანები არიან და იქ სრული ბარდაგია.

"ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უკვე მოახდინა ზეგავლენა, რადგან გამოჩნდა, რომ ჩვენ ეკონომიკურად უფრო მეტად ვართ დამოკიდებულნი თურქეთზე, რუსეთსა და ირანზე, ვიდრე ჩვენს დასავლელ პარტნოირებზე, ხოლო საგარეო პოლიტიკა პირდაპირაა დაკავშირებული საგარეო ეკონომიკურ ვითარებასთან", - მიიჩნევს მაისაია.

სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება არ იქნება მიზანშეწონილი.

"საგარეო პოლიტიკური ორინტაციის შეცვლა არ იქნება გამოსავალი იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებიც ჩვენ გვაქვს და რისთვისაც ვარსებობთ, იგულისხმება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც კი შევცვლით ვექტორს, აღმოვჩნდებით მარტონი პირისპირ რუსეთთან", - თვლის სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×