პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება-კინკლაობის მორგი თემა ჩნდება, დიდი ალბათობით, ეს ბოლო დაპირისპირება იქნება. ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე უცხადებს უნდობლობას და კონსულტაციებზე უარს ამბობს.
მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე მათთან საუბარს "კინკლაობა" უწოდა, ამიტომაც კანდიდატზე კონსულტაციებმა აზრი დაკარგა. პოლიტოლოგების ნაწილი პროგნოზირებს, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს აუცილებად ჩააგდებს და დაელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომ შემდეგ სასურველი კანდიდატი უპრობლემოდ დაამტკიცოს.
კონსტიტუციონალისტ ვახტან ძაბირაძის თქმით, მხოლოდ 1%-ია იმის ალბათობა, რომ უმრავლესობამ ახლა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა განიხილოს და დაამტკიცოს.
მისივე თქმით, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ "ოცნებამ" "სიტყვაზე გამოიჭირა" პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და წინასწარ შექმნეს იმის ფონი, რომ მხარს არ დაუჭერენ მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
"უმრავლესობა ჩააგდებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, დაელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ უკვე ახალი კონსტიტუციით არა პრეზიდენტს, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარადგენინებენ სასურველ კანდიდატურას.
"ოცნებიდან" გაკეთებული ის განცხადებები, რომ თურმე პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს წარადგენს ხოლმე სხვადასხვა თანამდებობაზე - ეს უკვე მიანიშნებს უმრავლესობის განწყობაზე", - აცხადებს ძაბირაძე.
ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის გამო გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო და კონსულტაციებში ჩართვაზე მზაობა "ქართულმა ოცნებამაც" გამოთქვა.
თუმცა ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსულტაციებში ჩაერთვებიან, მაგრამ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოლოდინი პესიმისტური აქვს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე, რაც, მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
კობახიძის ამ განცხადების საპასუხოდ, პრეზიდენტის მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ თქვა, რომ ასეთი ტიპის კინკლაობაში შეგნებულად არ შევა. სწორედ სიტყვა "კინკლაობის" გამო აუჯანყდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპარლამენტო "ოცნებაც".
უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მმართველი გუნდის ჩართვას არანაირი აზრი არ აქვს. მათი გაღიზიანების მიზეზი სიტყვა "კინკლაობაა".
"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა, უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით.
"როცა პროცესში უმრავლესობის მონაწილეობასთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულებაა, ალბათ, პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. შეუძლიათ, პროცესი თავად განაგრძონ და ის კანდიდატურა წარმოადგინონ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევენ, თუმცა თუ აქამდე განვითარებულ მოვლენებს და იმ პირებს გადავხედავთ, ვინც პრეზიდენტმა სხვადასხვა თანამდებობაზე წარადგინა, ეს ადამიანები ძირითადად მისი თანამშრომლები იყვნენ.
"კერძოდ, მისი აპარატის თანამშრომლები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა ვაკანსიაზე დაასახელა, სადაც უნდა დაესახელებინა. შესაბამისად, ამ პროცესის მიმართ დიდი მოლოდინი არ გვაქვს", - აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
დაუჭერს თუ არა მხარს "ოცნება" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ "გააჩნია, როგორი კანდიდატი შეირჩევა".
უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს.
"წარსულმა გვაჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებებში კონსულტაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონია არც ერთ შემთხვევაში - როგორც წესი, პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში თავის თანამშრომლებს ნიშნავდა.
"როდესაც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კინკლაობად მიიჩნევს - გაუგებარია, მაშინ წინასწარი კონსულტაციები რა შედეგის მისაღწევად ტარდება? აზრს კარგავს ამ პროცესში შესვლა და კონსულტაციები, ვიდრე კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი", - განაცხადა თალაკვაძემ.
საგულისხმოა ის, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა, ხოლო კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურას ითვალისწინებს.
ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. თუ მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა ჩააგდო, ახლის შერჩევა, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება, როდესაც უკვე ახალი კონსტიტუცია იქნება ამოქმედებული.
ახალი კონსტიტუციით, პარლამენტისათვის კანდიდატურის წარდგენის პრეროგატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადადის. ახალი თავმჯდომარე 10 წლის ვადით აირჩევა.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ოცნებამ" წინასწარ შექმნა პოზიცია, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს.
"თუ პრეზიდენტმა თავისი თანამშრომელი არ წარადგინა, საინტერესოა, მაშინ რა პოზიციას დაიჭერენ "ოცნების" დეპუტატები?! ფაქტი ერთია, თუ "ოცნებისთვის" მიუღებელი კანდიდატურა დასახელდება, მას მხარს არ დაუჭერენ და შემდეგ ყველაფერი მოხდება ისე, როგროც ახალი კონსტიტუციითაა განსაზღვრული, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს ოცნებისათვის მისაღებ კანდიდატს", - დასძენს ძაბირაძე.