"საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ხდება ამერიკული სტრატეგიული ინტერესების შემადგენელი ნაწილი"
ეკატერინე ბასილაია
15.08.2018

 ევროპაში რუსეთის შესაკავებლად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ხდება.

დონალდ ტრამპმა ხელმოწერით აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბიუჯეტი - 716 მილიარდი დოლარი დაუმტკიცა თავდაცვას, სადაც კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი - თუ რას იზამს ვაშინგტონი საქართველოს უსაფრთხოების სფეროს გაძლიერების დასახმარებლად.

დოკუმენტში გათვალისწინებულია საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიყიდვა, ასევე - შავ ზღვაში წვრთნების გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ჩართულობით. თბილისში ეს ჩანაწერები შეფასდა, როგორც უპრეცედენტო მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან, რაც საქართველომ სწორად უნდა გამოიყენოს.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, აუცილებად უნდა გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი და იყიდოს ის შეიარაღება, რაც დღეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

რა შეიძლება მიიღოს საქართველომ აშშ-ისგან? ბოლო ერთი წელია, თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ისაგან შეიძინა ანტისატანკო-სარაკეტო კომპლექსები "ჯაველინები", შემდეგ - ანტისაჰაერო-სარაკეტო კომპლექსი "სტინგერები".

თუმცა, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რა შეიარაღებაც საქართველოს სჭირდება და ახლა საქართველოს შანსი უჩნდება, შეიძინოს კონტრსაბატარეო სისტემები, უპილოტო თვითმფრინავები - დრონები, ნაღმსატყორცნები და "აპაჩის" ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები.

"ჩვენ უკვე მივიღეთ "სტინგერები", "ჯაველინები", ასევე დაიწყო 9 მოტომსროლელი ბატალიონის მომზადება, რომელიც ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით იქნება შეიარაღებული და ეს მნიშვნელოვანი მომენტია.

"მნიშვნელოვანია, რომ შევიძინოთ კონტრსაბატარეო სისტემები. ასევე საინტერესო იქნება დრონები, უპილოტო თვითმფრინავების შეძენა, რისი საკმაოდ ძლიერი კომპონენტი გააჩნია ამერიკას და ლეტალური იარაღის შესყიდვის ნებართვისას ამის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ასევე საინტერესო იქნება სნაიპერული შაშხანების შეძენაც, რომელიც ძალიან დეფიციტური და მნიშვნელოვანია, ასევე, რა თქმა უნდა, ცეცხლსასროლი იარაღების მთელი პაკეტის შეძენა, ასევე ძირითადად ნაღმსატყორცნები.

"ეს არის ის შეიარაღება, რის საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ ეფექტური თავდაცვა, ამ ეტაპზე იგივე, თუნდაც, რუსული აგრესიის შეჩერების კუთხიდან გამომდინარე. ასევე სხვა მომენტებიც შეიძლება, იყოს. იგივე "აპაჩის" ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენების შეძენა.

"აპაჩებს" გააჩნია საინტერესო თვისება, ისინი შეიძლება გამოიყენო როგორც ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომ ჩვენ სწორად მოვახდინოთ იგივე სატანკო შენაერთების შეკავება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები გადმოვლენ შეტევაზე.

"ასევე შეუძლია, ეფექტურად ებრძოლოს რუსეთის "გრაჩების" მოდერნიზებულ ვარიანტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ რუსულმა საბრძოლო ვერტმფრენებმა მიაყენეს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სერიოზული დანაკარგები. ამდენად, მისი შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია", - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, "მარტო "ჯაველინების" იმედზე ვერ ვიქნებით.

"კარგი იარაღია, მაგრამ რუსეთსაც გააჩნია მისი განეიტრალების ეფექტური საშუალებები. საბედნიეროდ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "სტინგერები" კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ელემენტად რუსეთის საბრძოლო ავიაციის წინააღმდეგ.

"დღეს "სტინგერები" ერთ-ერთ ღირებულ და მნიშვნელოვან შეიარაღებად რჩება და მისი რაოდენობის გაზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის სამი მომენტია მნიშვნელოვანი: პირველ რიგში ესაა საბრძოლო ავიაცია, მეორე - ტანკები და მესამე - საარტილერიო სისტემები და ჩვენ უნდა შევიძინოთ ის შეიარაღება, რაც ამ სამ ელემენტს გაუწევს ღირსეულ წინააღმდეგობას", - აცხადებს მაისაია.

მაისაიას თვალსაზრისით, ახლა პირველი რიგის ამოცანაა, თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდოს.

"ჩვენ ისეთ მოწყვლად არეალში ვართ, რომ იმ თანხებით, რომელიც თავდაცვის ხარჯებზე გამოიყოფა, ეს მინიმუმზე მინიმუმია. ვთვლი, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს სამხედრო სტრატეგია, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კონცეფცია მთლიანად უნდა გადაისინჯოს, რადგან დღევანდელი კონცეფცია ვერ მიესადაგება იმ გეოსტრატეგიულ რეალიებს, რომელშიც დღეს ვართ, როგორც რეალურ, ისე პოტენციურ მოწინააღმდეგეზე მაქვს საუბარი.

"ამერიკელების უშუალო ჩართვით ჩვენი სტრატეგიული კონცეფცია შევიმუშაოთ, რადგან ჩვენი ძალებით ეს ვერ შევძელით, რადგან ნამდვილი, სტრატეგიული კადრები შეიარაღებული ძალების მიღმა არიან და არაკომპეტენტურები მართავნენ ამ უწყებას", - დასძენს მაისაია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიას თქმით, კანონი, რომელსაც ხელი აშშ-ის ლიდერმა მოაწერა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვის.

"საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ხდება ამერიკული სტრატეგიული ინტერესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ კომპონენტში ბუნებრივია, მოიაზრება კონკრეტული სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ეს იქნება საჰაერო, ანტისატანკო თუ სხვა კომპონენტები.

"უფრო მეტი კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან, შავ ზღვაზე გაზრდილი სამხედრო წვრთნები და აქ საქართველოს როლის გაძლიერება - ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც აქედან უნდა გავაკეთოთ, ამ სტრატეგიული ინტერესების ფონზე სასურველი და აუცილებელია, რომ საქართველომ გაზარდოს თავისი წილი მონაწილეობა", - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს, რომელიც თავდაცვით საჭიროებებზე 716 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

"ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო ბალტიის ქვეყნებთან ერთად აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორია", - ეს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ერთ-ერთი პარაგრაფია.

თითქმის 800-გვერდიან დოკუმენტში საუბარი ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებასაც ეხება და ამ კონტექსტში არის ნათქვამი, რომ ევროპაში აშშ-მა მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და ნატო-ს ძალებთან თავსებადობას გააუმჯობესებს.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×