თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ პრობლემების მოგვარების მიზნით ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს.
"სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ღიად ეყაროს? ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე მოეწესრიგებინათ არსებული მდგომარეობა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იქ - ტროტუარებზე გამოტანილი იყო საშენი მასალები, საბურავები და შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, ვინაიდან ადამიანები, ვისაც ტროტუარზე უნდა ევლოთ, გადმოდიოდნენ გზის სავალ ნაწილზე და ხდებოდა ავტომობილების გადაადგილების შეფერხება, ავარიებიც. ჩემი დავალების შედეგად ეს ყველაფერი იქნა მოწესრიგებული. დღეს არის იქ აბსოლუტურად გასუფთავებულია ტროტუარები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - განაცხადა კალაძემ.