თამარ შუკვანი
15.08.2018

 2018-2019 სასწავლო წლისათვის დაწყებით საფეხურზე, I-დან V კლასამდე, ცვლილებები იგეგმება; ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად იცვლება საგაკვეთილო საათების ხანგრძლივობა და V კლასში მოსწავლეს შეეძლება სკოლის მიერ შეთავაზებული ორი უცხო ენა შეისწავლოს. V კლასის პირველ სემესრში მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმი გაუქმდება და შემაჯამებელი დავალებებიც შემცირდება.

„დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.

„II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში - 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45-წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე. გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს.

მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით არის ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა", - განუცხადა ლია გიგაურმა.

ამის შესახებ მშობელმა მაკა ხარაზიშვილმა, რომლის შვილიც საჯარო სკოლაში სწავლობს, „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ საგაკვეთილო საათის შეცვლა კარგი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ, მასთან ერთად თუკი შეიცვლება გაკვეთილის ჩატარებისა და შეფასების კრიტერიუმი, შესაძლოა იგი ამ მოცემულ მომენტში საკმარისი აღმოჩნდეს. ხარაზიშვილისთვის უცხო ენის არჩევის პრინციპი მისაღებია.

„დროის შემცირება 35 წუთამდე არამგონია, რომ კარგი გადაწყვეტილება იყოს, რადგან კლასში 30-დან 35 ბავშვია, მაგრამ, გააჩნია აქტივობა როგორი იქნება, როგორ დაიგეგმება გაკვეთილი. თუ ადრინდელი სტანდარტი იქნება, რომ უნდა გამოკითხონ ბავშვები, რა თქმა უნდა, არასაკმარისია.

„თუკი ახალი სტანდარტით რაღაც აქტივობები იქნება და ყველა ერთად ჩაერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, მომზადებისა თუ ახსნის პროცესში, მაშინ შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს. არჩევითი უცხო ენა კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ბავშვს რომელი ენაც უნდა, ის ისწავლოს," - განაცხადა მაკა ხარაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×