საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.
2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, აღსაზრდელებისთვის, რომლებიც ბაღებს გარეთ დაურეგისტრირებლები დარჩნენ, მერიამ 7300 ადგილი გამოყო.
„7300 დამატებითი ადგილია გამოყოფილი და გამზადებულია იმისთვის, რომ ბავშვების ხელახალი რეგისტრაცია მოხდეს. განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც არ იყო არანაირი კატეგორიზაცია რეგისტრაციისას და ბავშვების მიღება-არმიღება მთლიანად დამოკიდებული იყო ბაღის დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
ახლა იქნება წესები პრინციპები, კატეგორიზაცია, რადგან შევძლოთ ბაღების გარეთ დარჩენილი ბავშვების რეგისტრაცია. ახლა მუშავდება ეს კომპლექსური წესები, გათვალისწინებული იქნება რაიონები და საცხოვრებელი ადგილები. აქამდე კატეგორიზაცია არსად იყო გაწერილი და ბაღის დირექტორები მათ მიერ შემუშავებული კატეგორიზაციით სარგებლობდნენ", - განაცხადა ელოშვილმა.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:
1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები.
2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა).
3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები.
4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს).
5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი.
6. სხვა დანარჩენი განცხადებები.
რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ: ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.
განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.