რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით კი, ერთი პირი იძებნებოდა.

„მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ა.ჯ.-ს საფრანგეთის სასამართლომ ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×