ელზა პაპოშვილი
15.08.2018

 ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელი და გაწონასწორებულია. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ფსიქიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოკითხვა-გასაუბრების შემდეგ „რეზონანსთან" განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ კიდევ უფრო დგინდება, რომ მწყემსი ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

თუმცა კრიმინალისტები და ფსიქოლოგები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ კობაურის ჯანმრთელად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის ამ მკვლელობას ვერ ჩაიდენდა. მათი თქმით, პირიქით, სწორედ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების 80%-ი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების გაკეთებულია. მათი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კობაური თავისი დანაშაულის სიმძიმეს გაათვითცნობიერებს და ამ დანაშაულზე პასუხსიგება მოუწევს.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გუშინ შემაჯამებელი ექსპერტიზა ჩატარდა, სადაც კობაური, ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი. ამ ჯგუფს კი დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით მაღრაძე ხელმძღვანელობდა. ფსიქოლოგების და ფსიქიატრები კობაურს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ მის ქცევას, საუბარს და რამდენად ადეკვატური იყი ის სიტუაციასთან. ფსიქიატრებმა დაადგიინეს, რომ კობაურის ქცევა სრულიად რეალური და ლოგიკურია. ის აზროვნებს თანმიმდევრულად და დალაგებულად. ასევე ზუსტად ათვითცნობიერებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებების სიმძიმეს.

რაც შეეხება წერილობით დასკვნას, მალხაზ კობაურის ადვოკატები მას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მალხაზ კობაური უდანაშაულოა და ამას ექსპერტების დასკვნაც ამყარებს. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კობაური სრულიად ჯანმრთელია, შესაბამისად ბრალდების მხარემ სხვა ვერსიებზე უნდა იმუშაოს. ის თუ ჯანმრთელია, რაც დადგინდა კიდევაც, მაშინ ასეთ სასტიკ მკვლელობას ვერ ჩაიდენდა. აღნიშნულ დანაშაულს მხოლოდ კობაური ვერ განახორციელებდა. ჯერ კაცი და ბავში მოეკლა, შემდეგ ქალი გაეუპატიურებინა და წყალში დაეხრჩო, ცოტა არარეალურად ჩანს. ამდენს ეს ერთი ადამიანი, მითუმეტეს მას აღნაგობაც ხელს არ უწყობს, ვერ შეძლებდა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას და მკვლელობის იარაღს, სანადირო თოფს, ჯერ ამ მასალებს არ გავცნობივარ. თუმცა როგორც ვიცი ბრალდების მხარეს აქვს დსკვნა, რომ მკვლელობები იმ სანადირე თოფით მოხდა, რომელიც კობაურის იყო. თუმცა, თავად ბრალდებული ამბობს, რომ მას ეს თოფი წაართვეს და ამ სანადირო იარაღით ოჯახი ამოუხოცეს. კობაური ვერ იხსენებს ჰქონდა თუ არა მათ თავად იარაღები.

სამწუხაროდ ეს ადამიანეები ხეობაში მართლაც არავის უნახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იქ არ ყოფილან. რაც შეეხება ფოტოაპარატს, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იქ არის ფოტოები, სადაც კობაური ოჯახთან ერთად თოფით ხელში ჩანს. არ მინახია ჯერ ეს მტკიცებულებები, თუმცა ვიცი, რომ ფოტოზე ვიღაც ნამდვილად მოსჩანს, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ეს კობაურია", - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან".

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი და კრიმინალისტი კახა ჩიხლაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობაურის ფსიქიკური გაწონასწორებულობა არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა.

მისი თქმით, მას პრაქტიკაში მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის 80%-ი სწორედაც, რომ ჯანმრთელი ადამიანების მხრიდან ჰქონდა. ჩიხლაძე ამბობს, რომ მას ასევე ახსოვს ბავშვის მკვლელობის სასტიკი დანაშაული, რომელიც ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაიდინა და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

კრიმინალისტი აცხადებს, რომ პირიქით, ეს მკვლელის სისასტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ მან დანაშაული სრულიად გააზრებულად ჩაიდინა. ეს არც ემოციურად აღელვებული ადამიანის ქმედებაა, რადგანაც მან სამი ადამიანი სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში და გათვითცნობიერებულად დახოცა.

„ადვოკატი ფსიქიატრია, რომ ამტკიცებს ასეთ დანაშაულს ჯანმრთელი ვერ ჩაიდენდაო? პირიქით, ასე თანმიმდევრულად სწორედაც, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი სჩადის მკვლელობას. ჩემს პრაქტიკაში ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების 80%-ი ჯანმრთელი ადამიანების მიერ იყო განხორციელებული. დანაშაულის ჩადენას შეუარცხადობა არ სჭირდება. მკვლელობებს ჯანმრთელი ადამიანები სჩადიან.

ფაქტია, რომ კობაურის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება მეტყველებს. განსაკუთრებით კი მკვლელობის იარაღი. სანადირო თოფი, რითაც ოჯახია დახოცილი და რომელიც კობაურს ეკუთვნოდა. მასზე ხომ მისი დეენემის კვალს იპოვიდნენ. დანარჩენი ვიღაცამ ხელიდან წაართვა და მან დახოცა, უკვე მოგონილი ზღაპრებია. მტკიცებულებები ერთია და ზღაპრების მოყოლა მეორე. მსგავსი მკვლელობა პრაქტიკაში მქონია, როდესაც მოკლული ბავშვი მკვლელმა გადამალა და გვაძებნინებდა. როგორც ეს კობაურმა გააკეთა. მერე ბავშვის გვამი ვიპოვეთ და ეს პირი სამუდამო პატიმრობას იხდის. მინდა გითხრათ, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო და დანაშაულსაც მშვენივრად ათვითცნობიერებდა", - აცხადებს კრიმინალისტი „რეზონანსთან".

კრიმინალისტი ამბობს, რომ ეს იყო ტესტეროიდების მოჭარბების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. კახა ჩიხლაძე აცხადებს, რომ კობაურს, სავარაუდოდ, სექსუალურ ნიადაგზე ჰქონდა გონების დაბინდვა, რამაც მისი ქმედების კონტროლი გამოიწვია და მსგავს ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული მას პრაქტიკაშიც ჰქონია.

ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი მალხაზ კობაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობაური არქაული ტიპის ადამიანია, რომელსაც ცნობიერება არა აქვს.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე არ არის სიღრმისეული და ეს მხოლოდ ზედაპირული ქცევის დაკვირვებაა, რაც მხოლოდ მის ქცევას იკვლევს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მისი დანახვისთანავე, მას ერთ წამსაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ მისი გარეგნული მონაცემებიც კი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ის არაცნობიერი ადამიანი ანუ ბავშვის გონების მქონე პიროვნებაა, რომელიც საკუთარი ქცევის გაცნობიერებას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომაც მას შეეძლო, რომ ტესტეროიდების მოჭარბების საფუძველზე ოჯახი დაეხოცა.

„საინტერესოა, რა სახის კვლევა ჩაატარეს. ფსიქოლოგიას ფსიქიკის ჯანსაღობაზე ზოგადი განსაზღვრება აქვს და ასეთ მტკიცებულებით ფორმაში ვერავინ საუბრობს. ალბათ საინტერესო იქნება დეტალური დასკვნის ნახვა, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ამას ფსიქიატრები. როგორ შეიძლება ეს ადამიანი ჯანმრთელად ჩაითვალოს, მაინც ფსიქიკაშია პრობლემა. მესმის, რომ იქ შეფასების გარკვეული კრიტერიუმებია და კლინიკური სურათია გამოყვანილი, მაგრამ ამ ადამიანში ცნობიერება, რომ არ არის ფაქტია.

არქაული, ანუ გამოქვაბულის დროინდელი ადამიანი, ექსპერტიზამ, რომ გასინჯოს, შეიძლება თქვას, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ მას ჩვენი მსგავსი ცნობიერება აქვს? ასეთი დასკვნების მიმართ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ხოლმე.

არ არის აუცილებელი ადამიანს ასეთი ღია ფსიქიკური დარღვევები ჰქონდეს. ეს არის განუვითარებელი და ცნობიერება არ მქონე ადამიანის ფსიქოტიპი, რომელსაც საკუთარი საქციელის კონტროლი და გააზრება უჭირს. კობაურის შემთხვევაში გონება არ არის, ის არის არქაული ტიპის, ტრაგიკული ადამიანი, რომელიც საქციელის კონტროლს ვერ ახორციელებს",-აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×