ქვეყანას დიდი ოდენობით საშინაო ვალი აქვს, რითაც ბანკები ყველანაირად სარგებლობენ
ნათია ლომიძე
16.08.2018

 ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შემდეგ, გადასახდელების ნაწილში თითქმის 300-მილიონიანი გარღვევაა. წლის პირველ ნახევარში უნდა დახარჯულიყო 5.748 მლრდ ლარი, რეალურად კი ათვისებულია 5.465 მლრდ. გარდა ამისა, პრობლემურია საგარეო ვალდებულებებში ჩამორჩენა და საშინაო ვალების ტემპის გადაჭარბებული ზრდაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტიდან წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს ვერ მოხერხდება და წლის ბოლოს დაიწყება დეფიციტური ხარჯვა, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.

სპეციალისტებს უდიდეს პრობლემად მიაჩნიათ საშინაო ვალის არანორმირებული ზრდა, რომელმაც საგარეო ვალდებულები ჩაანაცვლა. ასეთი მიდგომა რეალურად კომერციული ბანკების მოგებისკენაა მიმართული და არა - ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ქვეყანას წლის პირველ ნახევარში უნდა მიეღო 588 მლნ ლარის საგარეო ვალი, რეალურად კი ბიუჯეტში შევიდა 442 მლნ ლარი. სამაგიეროდ, მკვეთრად მოიმატა საშინაო ვალის ოდენობამ. 75 მლნ-ს ნაცვლად, მთავრობამ პირველ ექვს თვეში ბანკებისგან 84 მლნ ლარის ვალი აიღო.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მართლაც დიდი პრობლემებია, გადასახდელების ჩამორჩენას ასე თუ ისე, ეშველება. ქვეყანას დიდი რაოდენობით საშინაო ვალი აქვს, რითაც ბანკები ყველანაირად სარგებლობენ.

"ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით 90%-ზე მაღალი მაჩვენებელი თუ ფიქსირდება, ითვლება, რომ კარგად სრულდება. ყოველ თვეში 100%-ზე ზუსტად დასმა შეუძლებელია. აქ მთავარია, შემოსავლების კუთხით იყოს ბიუჯეტი გეგმის შესაბამისად შესრულებული. ჩემი აზრით, დეფიციტურ ხარჯვასაც არ უნდა ველოდოთ. როგორც ვიცით, შემოსავლები იმაზე მეტია, ვიდრე დაგეგმილი იყო, შესაბამისად, იმის პრობლემა აღარ არის, რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება დასჭირდეთ.

აყველაზე პრობლემური ჩვენს ბიუჯეტში ბოლო წლებში იყო საგარეო ვალისა და გრანტების მოძიება. წელსაც ასეა. საქმე ისაა, რომ უცხოური გრანტები და ვალები შემოდის მიზნობრივად, რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, წინასწარაა გაწერილი. თუ გინდა, რომ ეს თანხა აითვისო, დაგეგმილი პროექტი უნდა განახორციელო. თუ ვერ ავითვისეთ თანხა, ესე იგი, პროექტი ჩავარდა.

რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, მის დახარჯვას არანაირი მიზნობრიობა არ გააჩნია. შიდა ვალის აღებით ხდება იმის დეფიციტის გადაფარვა, რაც საგარეო ვალის მიღების კუთხით იქმნება. შიდა ვალი, საშუალოდ, 4-5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი. ამ კომბინაციით სარგებლობენ ბანკები.

უბრალოდ რომ გავიხსენოთ, 2010-17 წლებში ნახევარი მლრდ ლარი გვაქვს მხოლოდ პროცენტში გადახდილი ბანკებისთვის ბიუჯეტიდან. ფასიანი ქაღალდების 90%-ს ისინი ყიდულობენ. ამ მიმართულებით საკითხი უნდა გამოსწორდეს აუცილებლად", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტში პრობლემას ვერც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ხედავს. ისიც ყველაზე დიდ პრობლემად საშინაო ვალს ასახელებს, რომელიც ორიენტირებულია კომერციული ბანკების მოგებაზე. როგორც ხშირად ხდება, შიდა ვალმა საგარეო ვალდებულებები ჩაანაცვლა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტის შემოდინება იყო შესაძლებელი.

"300 მლნ-ით ნაკლების ხარჯვა დიდს არაფერს ნიშნავს, ეს საგანგაშო რიცხვი არ არის. ამ ნაწილში არ ვთვლი, რომ ბიუჯეტში რამე პრობლემაა. შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვნად არის გადაჭარბებული გეგმასთან. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის შესრულების კუთხით რამე პრობლემა არ იკვეთება, რომ გავაკრიტიკოთ ფინანსთა სამინისტრო.

რაც შეეხება დეფიციტურ ხარჯვას მეოთხე კვარტალში, არა მგონია, ამასთან გვქონდეს საქმე. ჯერჯერობით არანაირი მიზეზი არ ჩანს იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვიტოს ბიუჯეტიდან ერთბაშად თანხის დახარჯვა.

პრობლემა იკვეთება საგარეო და საშინაო ვალის მიმართულებით. ზოგადად ასეთი პოლიტიკა მე პირადად არ მომწონს. საშინაო ვალი არის კომერციული ბანკების მოგებისკენ მიმართული და არ არის სწორი, რომ ბანკების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი იყოს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია მართებულად, რომ საგარეო ვალი ჩაანაცვლოს შიდა ვალმა. თანაც ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც საგარეო ვალის აღება დამატებითი ბერკეტია უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არ მესმის, ასეთ პოლიტიკას რატომ ატარებენ", - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×