ია აბულაშვილი
16.08.2018

 მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი არ ეყოლება, ექსპერტთა წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" პოზიციები დათმო, რაც მის იმიჯზე დადებითად არ აისახება.

როგორ აფასებენ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას და რა ფორმით შეიძლება მიიღოს მონაწილეობა "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში, დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, თუ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ოცნებას" პოზიციები არ დაუთმია და იგი წაუგებელ თამაშს თამაშობს.

"ოცნებას" ვინც არ უნდა დაეყენებინა კანდიდატად, ეს კანდიდატი პირველივე ტურში გავიდოდა, იმ შემთხვევაშიც, თუ სასწაული მოხდებოდა, მეორე ტურში გამარჯვება მაინც გარანტირებული ექნებოდა, ამიტომ არასწორია არგუმენტები, რომ "ოცნებამ" პოზიციები დათმო, "ოცნებას" პოზიციები არ დაუთმია.

"კითხვას, რატომ არ დააყენა თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში, ალბათ, თავისი ახსნა აქვს, თუნდაც ის, რომ "ოცნების" შიგნით არის დაჯგუფებები, რომლებსაც განსხვავებული პოზიციები აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და ამ ჯგუფებს შორის გარკვეული დაძაბულობაც არსებობს, "ოცნებამ" დაძაბულობის ეს მომენტი თავიდან აიცილა.

"რაც შეეხება საფრთხეებს, პრეზიდენტის სავარძლის დათმობით "ოცნებას" საფრთხე არ ემუქრება. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს სამართლებრივად არანიარი ბერკეტი არ გააჩნია, ზეგავლენა მოხდინოს მთავრობის საქმიანობაზე, შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები და ექნება მხოლოდ ვეტოს უფლება.

"ერთადერთი საფრთხე, რაც შეიძლება არსებობდეს, ეს არის პოლიტიკური საფრთხე, ანუ პრეზიდენტის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური საფრთხე არ შეუქმნას, მაგრამ, ალბათ, ამ ასპექტშიც "ოცნება" დაზღვეული იქნება.

"დაუჭერს თუ არა მხარს "ოცნება" დამოუკიდებელ კანდიდატს, აქაც ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, უნდა დაუჭერს ან საერთოდ არ დაუჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს და იქნება როგორც დამკვირვებელი.

"თუ სრულ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, ქვეყნის გარეთ ეს აღქმული იქნება, როგორც დემოკარტიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ მმრთველმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დათმო, რათა გაძლიერდეს ოპოზიცია. მაშინ, ოპოზიციას მოუწევს ერთმანეთში გაარკვიოს, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა.

"თანაც, "ოცნება" ბოიკოტისკენ ხომ არ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, ეუბნება, ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარიო და ამომრჩეველიც თავისუფალი რჩება თავის არჩევანში. ეს არა მხოლოდ "ოცნებისთვის" არის მომგებიანი, თუნდაც პიარის თვალსაზრისით, ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველი თავისუფალია.

"თუ პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა, თუნდაც "ნაცმოძრობის" კანდიდატი, ამ შემთხვევაშიც "ოცნება" მოგებულია. იგი უფრო მობილიზებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და შეიძლება, ასეთი კარტიც გათამაშდეს - "ნაციონალები ბრუნდებიან". ასე რომ, "ოცნება" წაუგებელ თამაშს თამაშობს", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ოცნებას" პოზიციები არ დაუთმია, უბრალოდ, ქვეყნის მთავარი პარტიის თავმჯდომარემ ამ ინსტიტუტის მიმართ ინტერესი დაკარგა.

"მეოცნებეთა პარტიის კრიტიკული განცხადებებიდან ყოველთვის ჩანდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ ყოფილიყო ქვეყანაში, თითქოს ათი ათასი კვადრატული მეტრის ბედი აწუხებდათ, სინმადვილეში, იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტის პრივატიზაცია მოეხდინათ.

"მაგრამ მთავარი ეს არ არის, ქვეყნის მთავარი პარტიის თავმჯდომარემ აღარ ისურვა, კვლავ დაეშვა შეცდომა, რომელიც, მისი აზრით, დაუშვა, როცა დღევანდელი პრეზიდენტი დაასახელა. ახლა ეს წუხილი აღარ ექნება, თავიდან იშორებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და თავის ტკივილიც აღარ ექნება საპრეზიდენტო სივრციდან.

"რაც შეეხება გუნდში დაპირისპირებას, არა მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით, როცა ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში თვალს მოეფარა პოლიტიკურ სივრცეს, მისი გუნდის წევრებმა გაინავარდეს და გამოინავარდეს. როცა დაბრუნდა, განსხვავებულ აზრებს ვინც გამოთქვამდა, რამდენიმე კვირაში, უმრავლესობის უმრავლესობას გაახსენდა, რომ ისინი არიან პრივატიზებულები და ყველამ ერთად გადაწყვიტა, თავი შეიკავოს განსხვავებული აზრებისგან. ვინც ამაზე უარს იტყოდა, დიდი ალბათობით, დატოვებდა პარლამენტს.

"ოპოზიციის შანსებზე კი ამ არჩევნებში მინდა ვთქვა, რომ კარგა ხანია ვაკვირდებით, ვინ აძლიერებს ყოფილ ხელისუფლებას და ვინ აძლიერებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა თავისი მოქმედებებით ერთმანეთს უმყარებს მომავალ წარმატებებს.

"იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანდებოდა და ერთ საერთო კანდიდატს წამოაყენებდა, მაშინ შეიძლება გვეფიქრ, ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე, მაგრამ კარგად დავინახეთ, რომ ყველამ თავისი კანდიდატი წამოაყენა და ქვეყნის ინტერესებს პარტიული ინტერესები ანაცვალეს.

"ამ ვითარებაში, ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს გამარჯვების შანსი არ აქვს, გაიმარჯვებს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს "ოცნების" ფრაზეოლოგიიდანაც კარგად ჩანს, ისინი მიესალმებიან, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ქალი.

"ევროპა და ამერიკა რომ ირჩევდეს პრეზიდენტს, აუცილებლად დატოვებდა იმავე პრეზიდენტს ან უსუფაშვილს აირჩევდა პრეზიდენტად, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

"რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის ბედს, ალბათ, ეს საკითხიც არჩევნების შედეგ უნდა გაირკვეს, ამ შენობაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი. ისე, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ამ შენობაში გაიხსნება რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში მთავარი მოთამაშის როლი", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×