საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იხდის, საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ტელეკომპანიის ცნობით, ვანო მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა საჭიროდ ჩათვალა.
„ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების მიღების შემდეგ დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, – აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.
ყოფილი პრემიერის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც სასუნთქი გზებიდან დაიწყო. მისივე თქმით, მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანას და გამოკვლევების ჩატარებას ადვოკატებიც ითხოვდნენ.
ჩივიაშვილის განცხადებით, მათ სამედიცინო დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ აპირებენ.