(რეზონანსი) თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დაკავებულები იყვნენ მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით და არ ასრულებდნენ იმ ძირითად მოვალეობას, რაც მათ განსაზღვრული ჰქონდათ.
„ესენი არიან ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართული პიროვნებები, რომლებიც ჩემამდეც იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში. დაკავებულები იყვნენ მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით. არ ასრულებდნენ იმ ძირითად მოვალეობას, რაც მათ განსაზღვრული ჰქონდათ, რომ ის პრობლემები, რაც მათ ტერიტორიულ ერთეულში იყო, შეესწავლათ და შესაბამისი სამსახურებისთვის მიეწოდებინათ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა „ინტერპრესნიუსთან".
მისივე თქმით, მერიის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი გახდა დისციპლინური კომისიის რეკომენდაცია. მეჭიაურის ინფორმაციით, დისციპლინურმა კომისიამ 7 თანამშრომლის შესახებ გასცა გათავისუფლების რეკომენდაცია, თუმცა, მან მხოლოდ სამი გაათავისუფლა.
მისივე თქმით, ოთხი თანამშრომელი არ გაათავისუფლა იმიტომ, რომ მათ თანამშროლობის სურვილი გამოთქვეს და იმ დავალებებს, რაც მერიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა, პირნათლად ასრულებენ.
სამსახურიდან გათავისუფლებულები კი სასამართლოში ჩივიან.