გვანცა წულაია
16.08.2018

 სასტუმრო „ველმონდს" ყოფილ „ლეოგრანდს" კანონიერი ფუნქციონირების ვადა ხვალ ეწურება. საგანგებო სიცოაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას მოუწოდებს ხვალ 18:00 საათამდე შენობიდან სტუმრები გამოიყვანოს და საქმიანობა შეწყვიტოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, წელს „ველმონდში" სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სამჯერ განხორციელდა, რა დროსაც 43 რეკომენდაცია გაიცა, მათი უმეტესობა კი ამ დრომდე არ შესრულებულა.

სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

„გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა", - აცხადებენ საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

თავის მხრივს, სასტუმროს გენერალურმა დირექტორის ალბერტ პინარის მტკიცებით, სასტუმრო საჭირო ნორმებს აკმაყოფილებს. ის ასევე ამბობს, რომ სასტუმროში ამ დროისათვის 300-მდე ტურისტი იმყოფება.

„რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია. ტექნიკური დეპარტამენტის პერსონალი და დაცვის დეპარტამენტის პერსონალი 24 საათის განმავლობაში სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის სასტუმროში 300-მდე დამსვენებელი",- განაცხადა ალპერტ პინარიმ.

დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ სასტუმრო ოფიციალურ განცხადებას პირველი საათისთვის გააკეთებდა, თუმცა ისინი ამ დრომდე თავს იკავებენ.

„ველმონდში" მყოფი ტურისტებს კი სასტუმროს დახურვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„მე დღეს მივდივარ სასტუმროდან. მქონდა ინფორმაცია, რომ ხანძარი სასტუმროში სიგარეტის ფერფლმა გამოიწვია. სასტუმროს დახურვის შესახებ არაფერი ვიცი", - აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი ტურისტი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ველმონდში" („ლეოგრანდში") ხანძარი გასული წლის 24 ნოემბერს, ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი უცხოელი იყო.

მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, 27 ნოემბერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×