პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მან პრეზიდენტის როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ იგი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მედიატორი უნდა იყოს.
„თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, უაზრო დაპირისპირებები და ჯიბრი არ შეიძლება. თუ ევროპულად ძლიერი ქვეყანა გვინდა, მშვიდობიანი, გაერთიანებული და ტოლერანტი ქვეყანა უნდა გვქონდეს. დღეს რაც ხდება – სიძულვილი, გაუთავებელი ქიშპობა და ა.შ. არ შეიძლება. მემუქრებოდნენ, აქ კვერცხების სროლა იქნებოდა, ველოდები, თუ ვინმეს გაქვთ კვერცხი წამოღებული, გთხოვთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას ასუსტებს. ბევრი საუბარია იმაზე, რომ თურმე, ამ შთამომავლობიდან პრორუსი გავხდი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის მსურველი და დამცველი. თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, რომელიც მტრების პროვოკაციებსა და გავლენას გაუძლებს, რაც მსოფლიოში არსებობს, ამის მიღწევა პატარა ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობას, გაუთავებელ სიძულვილს დავივიწყებთ და ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა, როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა, წინასაარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო, სადაც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს.