ელზა პაპოშვილი
17.08.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატი, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ სურს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, რადგანაც ისინი სუსტ და უავტორიტეტო კანდიდატს ეძებენ. უსუფაშვილი ამბობს, რომ ის არ არის მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი და არც უავტორიტეტო კანდიდატი, ამიტომ მმართველი გუნდის მხადაჭერას არ მიიღებს და არც ელის.

იგი სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტად აღიქვამს, თუმცა მას დებატებში იწვევს, რათა საზოგადოებამ კარგად დაინახოს, მას რატომ უნდა დაუჭიროს მხარი და რითი სჯობს ზურაბიშვილს.

უსუფაშვილი უმრავლესობის კრიტიკასაც აფასებს, რომელიც მან პრეზიდენტის სასახლის ფუნქციების შეფასებისას მიიღო. მისი თქმით, უმრავლესობას მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვს.

"რეზონანსი": "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით კვლავ არ დაუსახელებია პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში მხარს დაუჭერს. ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა მათ მოუწოდა, თქვენ დაგიჭირონ მხარი. გსურთ თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერა?

დავით უსუფაშვილი: "ოცნებამ" განაცხადა, რომ ეძებენ ცუდ კანდიდატს და ნაკლები ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რათა მოსახლეობას პრეზიდენტთან დაკავშირებით მაღალი წარმოდგენა არ ჰქონდეს. ცხადია, რომ საკუთარ თავს ცუდს და დაბალი ავტორიტეტის მქონე ადამიანად არ მივიჩნევ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ასეთი პრეზიდენტი ვიქნები. შესაბამისად, არც ველი და არც გამიხარდება, "ოცნებამ" მე თუ შემარჩია.

"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა უარი "ოცნებამ" პარტიული კანდიდატის წამოყენებაზე და რატომ ეძებს ნაკლებად ავტორიტეტულ პრეზიდენტს?

დ.უ.: ცოტა რთულია მათი გადაწყვეტილებისა და ქცევის ახსნა. როგორც ვიცი, მათ პრეზიდენტობაზე კენჭისყრა ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეს. ალბათ მაშინ არ მიაჩნდათ, რომ სუსტ კანდიდატს მიმართეს, თუმცა როდესაც მან უარი თქვა, გადაწყვიტეს, რომ სუსტი მოძებნონ.

ეს ხალხი საკუთარ თავთან და განცხადებებთან წინააღმდეგობაშია. ამ ყველაფერში კი ისე გაიხლართნენ, ცდილობენ, რაღაც გამოსავალი იპოვონ.

"რ": ფიქრობთ, რომ მმართველ პარტიას სწორედ იმის გამო სურს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, რომ მას სუსტად მიიჩნევენ? თქვენ მას ძლიერ კონკურენტად აღიქვამთ?

დ.უ.: არ ვიცი, ზურაბიშვილზე არჩევანი რატომ შეაჩერა ივანიშვილმა, ალბათ ეს მან უნდა განგვიმარტოს. ჩემს მთავარ კონკურენტად საზოგადოებაში გამეფებულ ნიჰილიზმს აღვიქვამ. მოქალაქეებს შესუსტებული აქვთ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი. ამას ყველა გამოკითხვა აჩვენებს. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს გადაწყვეტილი, არჩევნებზე ვის მისცეს ხმა. აი, ეს ნიჰილიზმი და სულერთიაობა იქნება ჩემი მთავარი კონკურენტი, რომელსაც ამ არჩევნებში შევებრძოლები.

რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ის არის სერიოზული კონკურენტი, რომელთან ერთადაც წინასაარჩევნო დებატებში სიამოვნებით ჩავერთვები, დავარწმუნებ ქართულ საზოგადოებას, რატომ იქნებოდა უკეთესი, რომ არჩევანი ჩემზე შეეჩერებინათ და არა მასზე.

"რ": თქვენ განაცხადეთ, რომ თუ სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებას უნდა უკავშირდებოდეს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს. ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგაკრიტიკეს. რას უპასუხებთ მათ?

დ.უ.: თუ ვინმემ ჩემი გუშინდელი ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო, ეს არის მოსმენილის გააზრების პრობლემა. დავსვი ძალიან მწვავე კითხვები, რომელზეც უმრავლესობის წევრებს პასუხები არ აქვთ. ჩემი მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობდა, რომ რას ემსახურება მათი მიზანი, შეარჩიონ სუსტი პრეზიდენტობის კანდიდატი და პრეზიდენტი რაც შეიძლება უფრო მეტად დაამცირონ, მათ შორის სასახლესთან დაკავშირებული დისკუსიებით.

ეს არის ძალიან სახიფათო ქცევა, ქვეყნისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული. ჩვენ სწორედაც გვჭირდება ძალიან ავტორიტეტული პრეზიდენტი, პრემიერიც და მთავრობაც. სახელმწიფო ინსტიტუტის იერარქიაში რაც შეიძლება მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის ხელმძღვანელები გვესაჭიროება, ხელისუფლება კი პირიქით აკეთებს. რადგანაც მათ ჩემს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ასეთ აგრესიას მიმართავენ.

"რ": სოზარ სუბარი ამბობს, რომ თქვენ ამ განცხადებით ურტყამთ ინსტიტუტს და არა პიროვნებას და ურტყამთ, პირველ რიგში, საკუთარ პიროვნებას. იყო ეს პირადი შეურაცხყოფა?

დ.უ.: გუშინ ვსაუბრობდი კონსტიტუციური უფლებამოსილების შედარებაზე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ამას თუ შეურაცხყოფად იღებს ვინმე, ნამდვილად არის მოსმენილის და წაკითხულის გააზრების პრობლემა და ახლა ეს სიტყვები შეუძლიათ მიიღონ შეურაცხყოფად.

თუ კაბინეტების ზომა, სიმაღლე კონსტიტუციის მიხედვით უნდა განისაზღვროს, მაშინ პრეზიდენტს თუ პირველ სართულზე განვათავსებთ, პარლამენტის თავმჯდომარის სარდაფში ჩაყვანა მოგვიწევს-მეთქი. ამისთვის მადლობელი ვარ, რადგანაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ამ თემაზე დისკუსიისას პასუხი არ აქვთ.

"რ": როგორ წინასაარჩევნო გარემოს ელით და ფიქრობთ თუ არა, რომ ქართველი ამომრჩეველი, რომლის დიდი ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული, ხმა ვის მისცეს, არჩევნებზე მივა? პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციით, დიდი უფლებები აღარ აქვს.

დ.უ.: ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზეა აწყობილი. ყველგან ჰყავთ სახელმწიფო მეთაურები, მონარქი ან პრეზიდენტი. არც ერთ სახელმწიფო პარტიას არ მოუვა თავში აზრად, რომ თავისი ქვეყნის მეთაურის ფუნქცია ქვევით დაწიოს და დააკნინოს. მოსახლეობას უთხრას, რას შვრებით, ხალხო, ცდებით და თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი ზედმეტად ავტორიტეტულ პიროვნებად მიგაჩნიათო.

ამის მთქმელი ევროპის კონტინენტზე არ არსებობს, თუმცა საქართველოში არიან ასეთი ადამიანები. მოსახლეობას ეუბნებიან, რომ პრეზიდენტი არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს არის სახელმწიფოსთვის უკიდურესად საშიში მოქმედება.

ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი ძალიან მაღალია და ამას ჩრდილოელი მეზობელი სათავისოდ იყენებს, სერიოზული კითხვები ჩნდება - რა სჭირს ჩვენს ხელისუფლებას, რატომ და როგორ გაიხლართა ამ გაუგებრობაში. ეს საპრეზიდენტო არჩევნები მთავარი ტესტი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოვუწოდებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×