"არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ზაფხულში ასეთი მაღალი ფასები იყოს პომიდორსა და კიტრზე"
თამარ მუკბანიანი
17.08.2018

 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ერთი ნაწილი უპრეცედენტოდ ძვირი ღირს. ზაფხულში სეზონური პროდუქტის სიძვირე მოსახლეობას ზამთრის შიშს უჩენს. სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გაძვირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს შემოდგომის ბოლოდან, რაც ისედაც რთულ ეკონომიურ მდგომარეობას უფრო დაუმძიმებს მოსახლეობას.აგრარულ ბაზრებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია. ზაფხული უკვე იწურება და ამ დროს, როგორც წესი, იაფდება სოფლის პროდუქტები და სხვა სეზონური საქონელი, რაც წელს არ მომხდარა. მეტიც, ზოგიერთ მათგანზე ფასი, შარშანდელთან შედარებით, თვალში საცემად მომატებულია. რა თქმა უნდა, შემოდგომიდან პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება, რასაც გლეხებიც ადასტურებენ და მოვაჭრეებიც.

მიუხედავად იმისა, რომ წელს განსაკუთრებული უამინდობა არ ყოფილა საქართველოს არც ერთ რეგიონში და ლარიც ბოლო დღეებამდე სტაბილური იყო, აგრარულ ბაზრებში ფასები მაინც ძალიან მაღალია.

პომიდორი ბოლო წლების რეკორდზეა, 1 კგ 2-დან 3 ლარამდე ღირს. მაღალია კიტრისა და მწვანილის ფასიც. იაფი არც ხილია. მოსახლეობა შიშობს, რა იქნება ზამთარში, როცა ზაფხულის ბოლოს ამდენად ძვირია ადგილობრივი ნაწარმი.

შიშს ამძაფრებს ბოლო დროს ფქვილის ფასის მატებაც, რაც საბოლოოდ პურის ღირებულებასაც გაზრდის. ეროვნული ვალუტის მუდმივი მერყეობისა და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოსახლეობას დამდეგი ზამთრის ძალიან ეშინია.

"რეზონანსი" აკადემიკოს პაატა კოღუაშვილს ესაუბრა, რომელიც მაღალ ფასებსა და მის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს.

"რეზონანსი": რა შეიძლება ჩაითვალოს ზაფხულში სეზონური პროდუქტების მაღალი ფასის მიზეზად?

პაატა კოღუაშვილი: ძალიან ძვირი ზაფხულია. თითქოს ამ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე სიიაფე უნდა იყოს, მაგრამ ეს არსად იგრძნობა. სამწუხარო ისაა, რომ ფასის ზრდა ყველაზე მეტ პრობლემას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას შეუქმნის. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს. მიზეზი კი, წინა წლებისგან განსხვავებით (როცა უამინდობა, სტიქია ან მაღალი ინფლაცია იყო), ახლა სახელმწიფოს რეგულირებისა და ყურადღების მიღმა დარჩენილი აგრარული სექტორია.

არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ზაფხულში ასეთი მაღალი ფასები იყოს პომიდორსა და კიტრზე. ახლა ერთადერთი იმედი შიდა ქართლის პომიდორია, რაც ფასს ცოტათი დაარეგულირებს. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე შინდისელ გლეხებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათგან გადამყიდველებს ძალიან იაფად მიაქვთ პროდუქცია და გაოგნებულები არიან, როცა იგებენ, რომ აგრარულ ბაზრებში 2 ლარზე მეტია ფასი. საკონსერვო პომიდორიც კი 1.20 ლარი ღირს, როცა გლეხები მისგან, ფაქტობრივად, ვერავითარ მოგებას ვერ ნახულობენ.

ასევე, ამბობენ, რომ აქვთ კომბოსტოს ჭარბი მოსავალი, რომელსაც თეთრებში ყიდიან, დახლებზე მოხვედრის შემდეგ კი მაღალ ფასად მიდის მომხმარებლამდე. წარმოიდგინეთ, კიტრის ფასი 2 ლარიდან იწყება.

"რეზონანსი": რა შეიძლება ჩაითვალოს სიძვირის გამომწვევ მიზეზად და რა არის გამოსავლი, რომ ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას მეტ ტვირთად არ დააწვეს მაღალი ფასი?

პაატა კოღუაშვილი: მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს სფერო მიშვებულია თვითდინებაზე, რაც დაუშვებელია. ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ისეთ ტერიტორიაზე გვიწევს ცხოვრება, რომ ყოველ წამს შეიძლება ჩაიკეტოს იმპორტი, რომელზეც საკვები პროდუქტების კომპონენტში 80%-ით ვართ დამოკიდებული.

მაქსიმალურად უნდა მივხედოთ აგრარული დარგების განვითარებას. ეს არის, პირველ რიგში, ხორბალი, ხორცპროდუქტები, მარცვლეული, რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული.

წელს სრულად შეწყდა ვაზისა და ყურძნის პროდუქტების სუბსიდირება, რაც იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეს თანხა სხვაგან გადავისროლოთ. რესურსი მთლიანად უნდა მოხმარდეს მეცხოველეობის განვითარებას. უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ სოფლის მეურნეობა მთელ განვითარებულ მსოფლიოში სახელმწიფო რეგულირების სფეროა, სუბსიდირებადია და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობის ფარგლებში ნაბიჯები უნდა გადავდგათ ან მივიღოთ კანონები, რასაც ითვალისწინებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება. ჩვენთან რა პროდუქციაც შემოდის, ყველა სუბსიდიური და დოტაციური პროდუქციაა.

ამას სჯობს, ჩვენ მოვნახოთ თანხა, რომელსაც ადგილობრივ წარმოებას მოვახმართ, მით უფრო, რომ ეს გათვალისწინებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

"რეზონანსი": სხვა რა შესაძლებლობებს იძლევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რაც წაახალისებს სოფლის მეურნეობას საქართველოში და საბოლოოდ აისახება მოსახლეობაზე იაფი ფასების სახით?

პაატა კოღუაშვილი: ჩვენ უნდა მოვნახოთ თანხა, რასაც ადგილობრივ წარმოებას შევაშველებთ. ეს გათვალისწინებულია მსო-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მათი მინიმუმი პროგრამა ჩვენ გვაძლევს უფლებას, რომ მემცენარეობისა და მეცხოველეობისათვის გარკვეული თანხები გამოვყოთ - 260 მლნ ერთი დარგისთვის და 160 მლნ მეორე დარგისათვის, ცალკე კიდევ სოფლის მეურნეობისათვის.

ამ ყველაფერს არავინ ითვალისწინებს, არავინ ფიქრობს სფეროს გაჯანსაღებაზე. თუ ვინმეს აინტერესებს, რა უნდა გაკეთდეს, უნდა დაიწყოს ამით. სანამ ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებთ და არ ვიყენებთ, ფასი კიდევ გაიზრდება. წარმოიდგინეთ, შუა სეზონზე მწვანილი 10 ლარი ღირს. რისი იმედი შეიძლება გვქონდეს ზამთარში, მე არ ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×