"ველმონდის" ადმინისტრაციას კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, სად მოათავსებენ სტუმრებს
თამარ ვეფხვაძე
17.08.2018

 ბათუმში მდებარე სასტუმროს, სადაც რამდენიმე თვის წინ ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს სახელმწიფო დახურავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.

სამსახურის სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმრო და სამორინე "ველმონდში" სახანძრო უსაფრთხოების მიზნით სამჯერ ჩაატარეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

"გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაცია კი ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

"ნებისმიერ სასტუმროში უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო და კონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი", - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ 100-მდე სასტუმროა შემოწმებული, დაახლოებით 40-მდე კი დაჯარიმებულია. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ შესაბამისი საკითხების გამოსასწორებლად.

"ველმონდის" ადმინისტრაციას კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, სად მოათავსებენ სტუმრებს. სასტუმროს გენერალური დირექტორი ალპერ პინარმა ამბობს, რომ მოლაპარაკებას ჯერ კიდევ მართავს. იგი ამტკიცებს, რომ 44 პუნქტიდან სასტუმროს ადმინისტრაციას 30 პუნქტი უკვე შესრულებული აქვს და დანარჩენ 14 პუნქტზეც მუშაობს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც კარგად იცის, რომ ჩვენ ამ ყველა პუნქტს ვასრულებთ და შევასრულებთ იმ პუნქტებსაც, რაც დარჩენილი გვაქვს. სულ 44 პუნქტია და 30 შესრულებული გვაქვს. უარყოფითი შედეგი არა მარტო ბათუმის, არამედ მთლიანად საქართველოს იმიჯზეც ცუდად აისახება. სასტუმრო 90%-ით სავსეა დამსვენებლებით", - განაცხადა პინარმა.

მისივე თქმით, სასტუმროს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ და არც ის არის გადაწყვეტილი, თუ სად გადაიყვანენ დამსვენებლებს.

"ჯერჯერობით არ მიგვიღია გადაწყვეტილება, თუ სად წავიყვანთ და სად მოვათავსებთ სტუმრებს. მედიის წარმომადგენლებსაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და დაგათვალიერებინებთ იმ პუნქტებს, რომლებიც შესრულებული გვაქვს", - განაცხადა სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ კვამლსაწინააღმდეგო სისტემის გამართულობითაც, რაზეც ალპენ პინარმა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"რეზონანსმა" კონკრეტული შემთხვევის გასაანალიზებლად კითხვით მიმართა აკადემიკოს სიმონ ბარამიძეს, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა შეხება სასტუმრო "ველმონდის" პრობლემებთან. მისი თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრო შევიდეს ექსპლუატაციაში, საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

"პირველი და ყველაზე მთავარია გაზის საქვაბის გადაკეთება ელექტროსაქვაბედ. იქ იდგა 24 ცალი 100-კილოვატიანი ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები, რაც ძირითადი წყარო გახდა ადამიანების დაღუპვისა;

მეორე - ჰერმეტულად უნდა დაიგმანოს სართულშუა გადახურვებში (შახტებში) ღია ღრიჭოები, განსაკუთრებით საქვაბის გადახურვაში, საიდანაც მოხდა ნამწვი აირების გადინება;

მესამე - საჭიროა, მოიხსნას ყველა ადვილად აალებადი თბური იზოლაცია (კაუჩუკის), რომლითაც შემოსილია მილგაყვანილობა, ჰაერსატერები და შესაბამისი სერტიფიკატით შეიცვალოს არაალებადი იზოლაციით;

მეოთხე - უნდა დამონტაჟდეს ლიფტის შახტებში ჰაერის სადაწნეო ვენტილაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული;

მეხუთე - უნდა დამონტაჟდეს კვამლის გამწოვი ვენტილაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული;

მეექვსე - საევაკუაციო კიბის უჯრედში დამონტაჟებული ჰაერის სადაწნეო ვენტილაციიის "ვენტილატორი" პირდაპირ შეუერთდეს დიზელ გენერატორს, რომელიც ელექტრულად არასწორად იყო მიერთებული და ხანძრის პერიოდში არ ჩაირთო;

მეშვიდე - გასწორდეს ელექტრული ჩართვის სქემები ავარიული სისტემებისა ისე, რომ მათი კვება ხდებოდეს დამოუკიდებლად და არა ისე, როგორც ხანძრის დროს, როცა გენერატორი ვერ აწვდიდა დენს საავარიო სისტემებს და სასტუმრო მთლიანად ჩაქრა", - აცხადებს სიმონ ბარამიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×