გამყარება დაიწყო და კურსი, წესით, 2,50-იან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს
თამარ მუკბანიანი
17.08.2018

 ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო გაუფასურებამდე იყო.

ლარის ბოლო გაუფასურების შემდეგ, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცემა გამოიწვია, ქართულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. გუშინ გარე სავალუტო ჯიხურებში დოლარის ნიშნული 2,57 ლარზე ჩამოვიდა და ვარაუდობენ,, რომ გამყარება გაგრძელდება, თუმცა 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელს (2,46) არ დაუბრუნდება. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნების ვითარება ვერ იქონიებდა გავლენას და არსებული კურსი არ ასახავს სავალუტო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის გამყარების პერსპექტივაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ცრუ წარმოდგენებმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა, შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

"ზუსტი პროგნოზი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სანამდე გამყარდება ლარი, თუმცა სასიკეთო ტენდენცია და ძვრები დღეს უკვე შეინიშნება.

თუ დაწყნარდა ბაზარი, ინვესტორებმაც რუსეთსა და თურქეთში შესაბამისად იმოქმედეს, შეჩერდება გაუფასურების პროცესი, ლარის კურსიც თანდათან ჩამოვა და დაჯდება თავის რეალურ საბაზრო ნიშნულზე. არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც, ყოველგვარი ობიექტური მიზეზების გარეშე ნოემბერ-დეკემბრიდან ლარი აუცილებლად უნდა გაუფასურდეს. თუმცა არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბრის ბოლოსაა, ყველანაირად ეცდებიან, კურსის სტაბილურობა შეინარჩუნონ. მოკლედ, ასეთი მომენტები ალბათ იმოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე", - აცხადებს "რეზონანსთან" აკაკი ცომაია.

საქართველოში "ადმირალ მარკეტსის" ყოფილი წარმომადგენელი დავით წიქარიძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობდა და საგარეო ფაქტორებს მასზე გავლენა ვერ უნდა მოეხდინა. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტა ცოტათი გამყარდება, მაგრამ დოლარის მიმართ უფრო დაბალ ნიშნულს დაიჭერს, ვიდრე ეს ბოლო გაუფასურებამდე იყო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არავითარი შეხება არ ჰქონია არც თურქული და არც რუსული ფულის ვარდნასთან და არც სხვა საგარეო პროცესებთან. ეს წმინდა წყლის ტყუილი და ზღაპარია, რომელსაც არც ერთი პროფესიონალი არ დაიჯერებს. ჩვენი ლარი მუშაობს ვიღაცის ჭკუაზე და არა ძირითად ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით.

არ ყოფილა არავითარი სერიოზული ტრანზაქცია, მაქსიმუმზეა შემოსული ვალუტის ოდენობა, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს. შესაბამისად, არავითარი მიზეზი არ არის, მეზობელი ქვეყნების ვალუტების პარალელურად გაუფასურებულიყო ქართული ლარიც.

იყო ჩავარდნა, ახლა უკუპროცესია. დასტაბილურებას უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რა ნიშნულზე დადგება. სავარაუდოდ, ლარი ნამდვილად გაიუმჯობესებს პოზიციას და დაიჭერს რაღაც ნიშნულს მორიგ სიურპრიზამდე. ამის ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს და გარდაუვალიც კია, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე წინა - 2,45-2,46.

რა ხდება, რატომ ხდება, ვინ მუშაობს ამაზე, საერთოდ ვინმე აკონტროლებს თუ არა და რა პოლიტიკაა, აბსოლუტურად გაუგებარია. ერთიანი სისტემა და პოლიტიკა კურსთან დაკავშირებით, ვატყობ, საერთოდ არც არსებობს. არის გამოცხადებული თავისუფალი, მცურავი კურსის სისტემა. კი, ბატონო, მივიღოთ მოცემულობად, მაგრამ ესეც რაღაც წესრიგს უნდა ექვემდებარებოდეს, თუმცა მაინც ყველაფრის მიღმაა.

ფაქტია, ქართული ლარის კურსზე საქმიანი ენით საუბარი, პროგნოზირება, ანალიზი და ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა სრულიად ზედმეტია. აქ მოქმედებს ფაქტორები, რომლებთან არც შეხების და არც არავითარი გადაკვეთის სურვილი არ მაქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" დავით წიქარიძე.

ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ვარაუდობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი აზრით, ეროვნული ბანკი ლარის სწორედ ამ კურსზე დასტაბილურებას შეეცდება.

"რეალურად, ძალიან ძნელი სათქმელია, რა პროცესები განვითარდება სამეზობლოში და როგორი იქნება მისი გავლენა ქართულ ბაზარზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ლარი დაუბრუნდება ბოლო გაუფასურებამდელ ნიშნულს. ამაზე დაბლა კი ეროვნული ბანკი აღარ ჩამოუშვებს და ინტერვენციებით დაიჭერს. არასასურველია მკვეთრი რყევები ინვესტიციებისთვის და ინფლაციისთვის, ამიტომ ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, ასე მოიქცნენ.

გარდა ამისა, სექტემბრიდან იწყება კურსის დაჰეჯირების პროგრამა, რაც დამატებით სტაბილურობას მოუტანს ბაზარს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.

ლარის ბოლო გაუფასურების დაწყებამდე ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო სამი თვის განმავლობაში 2.44-2.46-ის ფარგლებში იყო და აქტიური ტურისტული სეზონის გამო მის მეტად გამყარებასაც ელოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×