პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერას მიიღებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში მოწინააღმდეგეები ეყოლება. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
როგორია პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების შანსი, ვინ ატყუებს ამომრჩეველს არარეალური დაპირებებით და რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, აშშ და ევროკავშირი უფრო აქტიურად რომ ყოფილიყვნენ ჩართული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში - ამ და სხვა თემებზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, "ქართული ოცნების" საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება?
სოსო ცისკარიშვილი: თავად პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი 2016 წელს პარლამენტის მიერ უკვე მიჭირხვნილ იქნა და ამიტომ ამ თანამდებობის მიმზიდველობა მინიმალურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეიკუმშა და დაავადდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. ეს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ძალიან მარტივი სვლაა. მათ ისედაც ბევრი აქვთ თავსატეხი, ამიტომაც პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი მათთვის აღარ არის აუცილებლობა.
ჩვენ დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, როდის, სად და ვინ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ კარს მომდგარი არჩევნები ამომრჩევლებისთვის იქნება ნაკლებად საინტერესო. მით უმეტეს იმ ნაწილისთვის, რომელსაც სრული ინფორმაცია აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ ახალი კონსტიტუციის არსებობის დასაწყისიდან.
"რ": თქვენი აზრით, მმართველი გუნდი თუ დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს და ამ შემთხვევაში როგორია მისი გამარჯვების შანსი?
ს.ც.: ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა იქნება, თუმცა საპარლამენტო "მეოცნებეთა" შორის ერთსულოვნება არ იქნება. პარლამენტარებს ნებისმიერ დროს შეახსენებენ, რომ ისინი 2016 წლის შემოდგომიდან "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალის მიერ არიან პრივატიზებულნი და ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩაიფიქრებს ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი.
"რ": დავით უსუფაშვილის კანდიდატურას როგორ შეაფასებთ და გამარჯვების რა შანსი აქვს მას?
ს.ც.: თუ გონიერება შერჩა ჩვენს ამომრჩეველს და ასევე აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი კანდიდატი არის სხვა არაფერი, თუ არა პრიმიტიული მატყუარა, მაშინ უსუფაშვილის პერსპექტივა იზრდება.
ვხედავთ საკუთარ წარმატებაზე მეოცნებე კანდიდატების შეხვედრებს ამომრჩევლებთან. ისინი საქმეში ჩაუხედავ ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ თითქოს მათ ყველა პრობლემას მოუგვარებენ.
ჩვენი ამომრჩეველი ვერ აცნობიერებს, რა უფლებამოსილება აქვს მომავალ პრეზიდენტს, რა ფინანსური მხარდაჭერი შეიძლება ჰქონდეს ამ გაუბედურებულ სივრცეში. კანდიდატს, რომელიც ატყუებს ამომრჩეველს, ხაზი უნდა გადავუსვათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის უსუფაშვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან მისგან ტყუილი არავის გაუგონია.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრეზიდენტის არჩევნებში ჩართული რომ ყოფილიყვნენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, კონკურენცია შეიძლებოდა ყოფილიყო დღევანდელ პრეზიდენტსა და უსუფაშვილს შორის. ასეთი დაპირისპირება, დარწმუნებული ვარ, არ შედგება, რადგან ისინი ერთიანი შეხედულებებისა და პერსპექტივის რეალიზაციას ახდენენ.
"რ": ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას, განცხადებას როგორ შეაფასებთ? რამდენად რეალურია, დაიწყოს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის?
ს.ც.: ფაქტი მისასალმებელია, მაგრამ თავად ასეთი კომუნიკაციის ინიციატორი, სამწუხაროდ, არ არის თავისუფალი და დიალოგისას იგი იძულებული იქნება, რუსეთის ინტერესების დამკიდრებისკენ იყოს მიმართული.
მოსკოვმა ვეღარ მოითმინა და სურს, რომ განვიხილოთ მოსკოვი-ერევნის მარშრუტი რკინიგზის სივრცეში, რაც შეაშფოთებს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს. ეს თემა ჯერ კიდევ 2013 წელს რამდენჯერმე განიხილეს; გამოითქვა საწინააღმდეგო მოსაზრებები და კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული. ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვმა ისევ ჩათვალა, რომ დროა, ჩვენი სურვილები დავამკვიდროთ სამხრეთ კავკასიაშიო.
შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების თავკაცის დამოუკიდებლობის კოეფიციენტი რამდენია. იგი ვალდებულია, თითოეული სიტყვა მოსკოვის კრემლს ააწონინოს და ამ შემთხვევაში შედეგი ნაკლებად პერსპექტიულია, თუმცა ეს თეორიულად შეიძლება აღვიქვათ, როგორც წინსვლა. დიალოგი უნდა იყოს სოხუმსა და თბილისს შორის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იატაკქვეშეთში კომუნიკაცია მოსკოვსა და თბილისს შორის სოხუმის გავლით.