ვაშინგტონმა რუსეთთან შეაჩერა "ღია ცის" შეთანხმების შესრულება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის, ერთი წელია, დიდი დაპირისპირების საგანია და თან ამ უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საქართველოს ინტერესია, რადგან აშშ ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლებას, კრემლი კი საპასუხოდ ამბობდა, რომ "ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან", რომლებსაც ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ და რუსეთისთვის ამის მოთხოვნა არაადეკვატურია.
პარალელურად, რუსული მხარე აშშ-სა და კანადასთან ერთად თბილისს ადანაშაულებდა ხელშეკრულების შესაძლო ჩაშლის გამო. მოსკოვი მუდმივად აცხადებდა, რომ ეს ქვეყნები თავიანთ საჰაერო ზონაში რუსულ სადამკვირვებლო ფრენას კრძალავენ. გარდა ამისა, პრეტენზია იყო ისიც, რომ თბილისი ითხოვდა ოკუპირებული ტერიტორიების თავზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ფრენას.
რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ქართული მხარე რუსულ თვითმფრინავებს ინსპექტირების საშუალებას იმიტომ არ აძლევს, რომ ალბათ "რაღაც აქვს დასამალი" და არ სურს, რუსმა ინსპექტორებმა ნახონ "ქართველების ფარული სამხედრო საქმიანობა, რომელიც საომარი მომზადებით განისაზღვრება".
ასევე, რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ თუ თბილისი კომპრომისზე არ წავა და საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსულ სადამკვირვებლო ფრენას არ დაუშვებს, პარალელურად არ შეწყვეტს აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით მანიპულირებას, საერთოდ უნდა დატოვოს ეს შეთანხმება, რადგან შეთანხმება ჩაშლის პირას სწორედ თბილისის გაჯიუტების გამოა.
მოსკოვსა და თბილისს შორის ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრაც შედგა, თუმცა უშედეგოდ. თბილისმა საკუთარი ინტერესების დათმობაზე უარი თქვა. ახლა კი ვაშინგტონმა შეაჩერა ხელშეკრულების შესრულება, სანამ რუსეთი თავად არ შეასრულებს ყველა პირობას - მათ შორისაა ოკუპირებული ტერიტორიების საჰაერო სივრცის საერთაშორისო პატრულირებაც.
ეს გადაწყვეტილება აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს მოაწერა ხელი და ამერიკის ისტორიაში თავდაცვის სფეროს ყველაზე დიდი ბიუჯეტი - 716 მილიარდი დოლარი დაუმტკიცდა.
ეს დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი გაცხადებული მიზანი ევროპაში რუსეთის შეჩერებაა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვასა და მათ შორის "ღია ცის" შეთანხმების ფარგლებში აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს.
როგორც აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონში არის აღნიშნული, ვინაიდან რუსეთი არღვევს "ღია ცის" შეთანხმების პირობებს, იკრძალება აღნიშნული შეთანხმების უზრუნველსაყოფად ფინანსური სახსრების გამოყოფა, ვიდრე რუსეთი არ წარადგენს მტკიცებულებებს შეთანხმების ყველა პირობის შესრულების შესახებ.
როგორც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშია აღნიშნული, აშშ ითხოვს, რომ მოსკოვმა მისცეს საშუალება "ღია ცის" შეთანხმების მონაწილე ქვეყნების დამკვირვებლებს, შეზღუდვის გარეშე განახორციელონ ფრენა მოსკოვის, ჩეჩნეთის, კალინინგრადის თავზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში.
"ღია ცის" შეთანხმება 1992 წელს 23 ქვეყანას შორის - ნატო-ს ქვეყნებსა და ვარშავის შეთანხმების ყოფილ წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმდა და 2002 წლიდან ამოქმედდა. "ღია ცის" შეთანხმება ხელმომწერ სახელმწიფოებს ერთმანეთის ტერიტორიების თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლებას აძლევს სამხედრო აქტიურობის კონტროლისათვის, რაფა ხელი შეუწყონ შეიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულებას.
რუსულ მედიაში იწერება, რომ ამერიკული მხარის პრეტენზიები გაუგებარია, რადგან მოთხოვნა ეხება სამ ტერიტორიაზე ფრენას და სამივეზე განმარტება უკვე გაცემულია. მაგალითად, ის, რომ კალინინგრადში სადამკვირვებლო ფრენა ხელს უშლის აეროპორტის უსაფრთხო მუშაობას, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოები" არიან, რომლებიც არ არიან მიერთებული "ღია ცის" შეთანხმებაზე და ასეთი ქვეყნების შემთხვევაში კი სადამკვირვებლო ფრენა დაშვებულია მათი საზღვრებიდან 10 კმ-ის დაშორებით.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, აშშ-ის ეს სამხედრო აქტი ძალიან კარგი დოკუმენტია.
"აშშ-მა უკვე შეიგნო, რომ რუსეთის შეკავება მხოლოდ სერიოზული სამხედრო ძალისხმევით არის შესაძლებელი. თავად აშშ-სთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, "ღია ცის" შეთანხმების შესრულება თუ შეჩერდება იმიტომ, რომ კოსმოსური დაზვერვის საშუალებები აქვს. მით უმეტეს, ახლა ამერიკელები ქმნიან კოსმოსური სტრატეგიული დანიშნულების სარდლობას. რუსები კი თავისი ტერიტორიის თავზე დაკვირვების უფლებას ზღუდავდნენ და უკვე გამოსული იყვნენ ამ ხელშეკრულების პირობებიდან," - აღნიშნავს მაისაია.
მისი თქმით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და კარგი, რადგან ამით გამოჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მხარდამჭერია აშშ. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაშიცაა, რადგან ბირთვული რბოლის მარათონში აღმოვჩნდით ჩართული.
"რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აძლიერებენ სამხედრო მზაობას, ინფრასტრუქტურას ავითარებენ, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ვნახოთ, რა სამხედრო ელემენტების განთავსება ხდება. ეს ორი ტერიტორია რუსეთმა გეოსტრატეგიული იარაღის განთავსების პლაცდარმად გადააქცია და ამით საქართველო, გვინდა თუ არ გვინდა, ერთვება ბირთვული რბოლის მარათონში, რაც ჩვენთვის სამწუხარო და არასახარბიელო მდგომარეობაა.
"ახლა, როდესაც "ღია ცის" შეთანხება შეჩერდება და ქვეყნები ერთმანეთის პატრულირებას შეწყვეტენ, ბირთვული რბოლა კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ახალი ცივი ომი უახლოვდება კულმინაციურ ცენტრს - უცხელეს ფაზას.
"სადამდე მივა ეს რბოლა და რა იქნება შემდეგ, ეს არავინ იცის. რუსეთისა და ამერიკის ბირთვული შეიარაღების რბოლამ შეიძლება აპოკალიფსამდეც კი მიგვიყვანოს, რადგან შეკავების მექანიზმები მოხსნილია", - დასძენს მაისაია.