ია აბულაშვილი
17.08.2018

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს არ გამორიცხავს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებში ჩართვას სთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს რამდენიმე მოდელზე, მათ შორის კონკურსთან და სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებას კონსულტაციები და შეხვედრები არ სჭირდება.

"პრეზიდენტი აპირებს, რომ ღია კონკურსი გამოაცხადოს კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, ამიტომ გაუგებარია, ეს კონსულტაციები რას ემსახურება. როგორც ვხვდები, კონსულტაციები ტარდებოდა კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ეს კრიტერიუმები კი ყველასთვის ცნობილია. კანონმდებლობითა და კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ისინი წარმართავენ პროცესს, წარმოგვიდგენენ კანდიდატურას და პარლამენტი შემდეგ ჩაერთვება", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით აკადემიურ წრეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები გრძელდება, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ კონსულტაციების მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ღია კუნკურსს იურიდიულ წრეებში სკეპტიკურად უყურებენ. იურისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ამ პროცესში არ ჩაერთვება, იგი ელოდება ახალი რედაქციით კონსტიტუციის ამოქმედებას.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, "ოცნება" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას არ დათმობს, პროცესს გაწელავს და დაელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან, ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში პრეზიდენტი ვეღარ ჩაერთვება, მას პარლამენტი აირჩევს.

"კონკურსი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში კონკურსები ფორმალურად და დარღვევებით ტარდება. 2014 წელს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად, მაგრამ ეს კონკურსიც, როგორც ყველა კონკურსი, დარღვევებით ჩატარდა. კონკურსის პირობები არ იყო სწორად გამოცხადებული, კომისია არასწორად იყო არჩეული, თქვენ წარმოიდგინეთ, გამარჯვებულ კანდიდატს საბუთებიც კი არ ჰქონდა წესრიგში.

"რაც შეეხება პრეზიდენტის ამ ახალ ინიციატივას, ეს იქნება პრეზიდენტისთვის შანსი, აღიდგინოს რეპუტაცია და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩიოს. ამით ის მიიღებს პოლიტიკურ დივიდენდებს, ხოლო პარლამენტი თავის სახეს გამოაჩენს", - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ კახნიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემატრაშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეს მოუფიქრებელი ნაბიჯია და უფრო პოლიტიკურ თამაშს წააგავს.

"მე არ მახსენდება, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ასარჩევად კონკურსი გამოცხადებულიყო, ეს უფრო დემოკრატიის თამაშს წააგავს. თუ კონკურსში ვიღაცამ გაიმარჯვა და პარლამენტი არ დაამტკიცებს, რა აზრი აქვს კონკურსის ჩატარებას?! მე ვფიქრობ, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან მოუფიქრებელი ნაბიჯია და უფრო პოლიტიკურ თამაშს ჰგავს", - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

"იმ შემთხვევაში, როცა უკვე იმართება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესარჩევად შეხვედრები გარკვეულ ჯგუფებთან კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად, მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმები უკვე ცნობილია, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ძნელად წარმოსადგენია კიდევ კონკურსის გამართვა. სხვა კრიტერიუმებით ამ თანამდებობაზე ადამიანები როგორ უნდა შეირჩეს, პოდიუმზე ხომ ვერ გაივლიან და ქულებს ვერ მოაგროვებენ", - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×