პარლამენტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" წარდგენილ კანონპროექტში ცვლილება შედის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ კანონი მკაცრდება, იზღუდება რამდენიმე ასპექტში.
ძირითადი შეზღუდვები, რაც ამ კანონპროექტით დაწესდება, ასეთია:
- კანონპროექტით, შეზღუდული ასაკობრივი ზღვარი, რომელიც 21 წელი იყო, 25 წლით შეიცვალა;
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრი იქმნება, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ ამ რეესტრში შეყვანილ პირებს;
- ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ექნება, მოითხოვოს აღნიშნულ რეესტრში მისი ოჯახის წევრის შეყვანა და ამ გზით მისთვის აზარტულ თამაშებზე წვდომის შეზღუდვა;
- აზარტული თამაშები იკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის და ასევე, პირი, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს, აზარტულ თამაშებზე წვდომას ვეღარ შეძლებს;
- ონლაინთამაშებთან დაკავშირებით ანგარიშსწორება მხოლოდ ბანკების საშუალებით მოხდება. ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაიდება და დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენება უცხოურ საიტებზე.
პრაქტიკაში როგორ მოხდება კანონის აღსრულება და მისი დარღვევის შემთხვევაში პირს რა სანქციები დაეკისრება, ამის გასარკვევად "რეზონანსი" უმრავლესობის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა.
"ამ პროექტს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს ექნება," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტში შესული ცვლილება იურიდიულად ზღუდავს თუ არა ადამიანის უფლებებს და ეს კანონი ეწინააღმდეგება თუ არა რომელიმე სხვა კანონს, ამის შესახებ "რეზონანსი" იურისტ გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი შეზღუდვა ბევრ ქვეყანაშია.
"ზოგან მთელ ქვეყანაშია აკრძალული, ზოგან შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებში, ანდა კონკრეტული ქალაქების გარეუბნებში და ა.შ. სურდეთ, რომ მთელ ქვეყანაში იყოს აზარტული თამაშები, ასეთი ქვეყნები ძალიან ცოტაა და მათ შორისაა საქართველოც," - აღნიშნა მან.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არ არის ადამიანის უფლებების შელახვა, მაგრამ საჯარო სექტორში მომუშავეთა მიმართ ასეთი ტიპის კანონმა, შესაძლოა, კითხვის ნიშნები გააჩინოს.
"არასრულწლოვანთა შეზღუდვაც ყველა ქვეყანაში არსებობს, რაც არ არის ადამიანის უფლებების შელახვა, რადგან პრაქტიკა სხვას გვეუბნება. ერთადერთი შესაძლებელია, გაჩნდეს კითხვის ნიშანი საჯარო მოხელეებზე, თუმცა საჯარო მოხელეებს ბევრი სხვა შეზღუდვაც აქვთ და ამიტომ არ მგონია, რომ ვინმემ და მათ შორის საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა ეს ჩათვალონ რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვად," - აღნიშნავს იურისტი.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი მთავარი წყარო ფულის გათეთრებისა, ამ კუთხით სრული თავისუფლების მქონე ქვეყანა კი მსოფლიოში არ არსებობს და მისთვის მისაღებია აღნიშნული ცვლილება.
"ეს, ზოგადად, საკმაოდ სოლიდური შემოსავლის წყაროა, ფულის გათეთრების წყარო და რა შედეგებამდეც მიჰყავს ადამიანები, გაკოტრება თუ თვითმკვლელობა, კარგად არის ცნობილი. მსოფლიოში ამ კუთხით სრული თავისუფლება, ისევე, როგორც ნარკოტიკების კუთხით, არ არსებობს.
"შეზღუდვა ზოგს შეიძლება მკაცრად მოეჩვენოს, ზოგს - არა, მაგრამ იმის თქმა, რომ შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს და ეს უფლებების დარღვევაა, სწორად არ მიმაჩნია," - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.