დღეს დილას მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ამ კვირაში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის გარდაცვალების მესამე ფაქტია.
როგორც ცნობილია, ზუზუ ბეჟაშვილი ბენდელიანის ქუჩაზე ცხოვრობდა. თუმცა დოლიძეზე ვისთან და რატომ მიდიოდა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, შესაძლოა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გული გამხდარიყო.
ის ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობდა და მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მსახიობი ასევე, რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ის სახლის ქირის ფულს მეგობრებთან სესხულობდა.
მას არ ჰქონდა მუდმივი სამსახური. მეგობრები ყვებიან, რომ სწორედ ამ პრობლემების გამო ის ხშირად ალკოჰოლსაც მოიხმარდა. განსაკუთრებით კი ამ ბოლო დროს უჭირდა და ტელეფონიც კი დაალომბარდა. მას მეგობრები დედის ტელეფონის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.
„აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა. ავიდა და ნახა, რომ ზუზუ მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა და მოსულიერება სცადა, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. ჯერჯერობით უცნობია რა უნდოდა დოლიძის ქუჩაზე და ვისთან მიდიოდა, როგორც ვიცით ბენდელიანის ქუჩაზე ცხოვრობდა,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ის მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა. მას დეპრესია ჰქონდა და საზოგადოების მხრიდან მისი გაჭირვება უყურადღებოდ დარჩა. რამაც ახალგაზრდა მსახიობი სიკვდილამდე მიიყვანა.
„ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ, თურმე საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე.
„ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი „პრობლემების“ ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. ჩემგან ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა“, - წერს ჟორჟოლიანი.
ზუზუ ბეჟაშვილის კიდევ ერთი მეგობარი ნინი დედლამაზიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვალებმადე მსახიობმა ბოლოს მას დაურეკა. თუმცა მისთვის არ უთქვამს, რომ ის დოლიძის ქუჩააზე მისვლას აპირებდა. მისთვის უცნობია იქ ვისთან მიდიოდა.
„წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მომხდარიყო. ალბათ გულის ბრალია, სხვა არანაირი ვერსია არ მაქვს. ბოლოს მე დამირეკა, ჩვეულებრივი ზარი იყო, მოკითხვის დონეზე. არაფერი შემიმჩნევია, უბრალოდ მკითხა როდის ჩამოდიხარო. ეს იყო ჩვეულებრივი ზარი და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია.
„ეს სიყვარული თავის დროზე რომ ენახა, დარწმუნებული ვარ დეპრესიის მსგავსიც არ ექნებოდა არასდროს. ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსული იყო, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ კარგად ყოფილიყო. მეტს არაფერს ითხოვდა, სიყვარული უნდოდა მხოლოდ“, - აცხადებს დედლამაზიშვილი.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ორი დღის წინ, ანსამბლ „ოდოიას“ წევრმა ზაალ ზარქუამ საკუთარ სახლში სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. 34 წლის მომღერლის სუიციდის მიზეზი, როგორც მეგობრები აცხადებენ, სავარაუდოდ, ვალები და მძიმე ფინანსური მდგომარეობა უნდა გამხადრიყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში ასევე კიდევ ერთი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალი იყო.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდას საცხოვრებელი ბინის კარები ჩაეკეტა, სახლში შეღწევა კი მეზობლის აივნიდან სცადა რა დროსაც მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.