ეკატერინე ბასილაია
17.08.2018

 „ძამბოლათ თედეევი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ აქციებში... ასევე არაერთი საყვედური მსმენია, როგორ იჩაგრებოდნენ თედეევის მხრიდან ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირებზე,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე და მიიჩნევს, რომ ქართველი მოჭიდავეების მიერ რუსული დროშისფერიანი და თედეევის გამოსახულებიანი მაისურის ჩაცმა შეცდომაა და ბოდიში უნდა მოიხადონ.

მისი თქმით, თედეევსაც და რუს მოჭიდავეებსაც ჩაეცვათ ქართულდროშიანი მაისური და შემდეგ შეიძლებოდა განეიტრალებულიყო ქართველი მოჭიდავეების საქციელიც.

„იმათაც ჩაეცვათ ქართულდროშიანი და ვთქვათ, ლევან თედიაშვილის გამოსახულებიანი მაისური და შემდეგ შეიძლებოდა განეიტრალებულიყო. თავის გასამართლებლად ადამიანი რას არ იტყვის, თუმცა ასეთ სიტუაციაში რუსული დროშის გამოსახულებიანი მაისურის ჩაცმა ნამდვილად არ შეიძლებოდა. შეცდომა დაუშვეს, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ბოდიში აქვთ მოსახდელი. თავის მართლება არც იმათი მხრიდან არის სწორი, მაგრამ ასე ჩაწიხვლაც არ ღირს, “- მიიჩნევს არეშიძე.

ცნობისათვის, ინტერნეტ გამოცემა „ონ.გე“-მ 16 აგვისტოს გაავრცელა ფოტო, სადაც ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს და სამ მოჭიდავეს - გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობაშვილსა და მამუკა ერაძეს რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლათ თედეევის სახეა დაბეჭდილი. 

ამ ფოტომ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. საპასუხოდ კი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ბოდიშის მოხდის ნაცვლად განაცხადა, რომ „არავის საქმე არ არის, მოჭიდავეები როგორ მაისურებს ჩაიცვამენ“ და რომ „თედეევი მათი მეგობარია“.

„ძამბოლათ თედეევი არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი. დიდი ბოდიშის მოხდით, არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაისურს ჩაიცმევენ. მთავარი ჩვენთვის რა არის – შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ... ამ შემთხვევაშიც ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებული სპორტსმენის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? ის ძამბოლათ თედეევი იყო ზუსტად, ტატუნაშვილის გადმოსვენებაში, რომ დაგვეხმარა,“ - განაცხადა გეგეშიძემ

ვინ არის ძამბოლათ თედეევი, რომლის „მეგობრობის“ გამო ქართველმა მოჭიდავეებმა ოკუპანტი ქვეყნის დროშისფერიანი მაისურები ჩაიცვეს?

ძამბოლათ თედეევი ცხინვალშია დაბადებული. ის ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მწვრთნელია. წლების წინ, 2011 წელს კი მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობაც“ სურდა, თუმცა ცხინვალში ცხოვრების 10 წლიანი ცენზის უქონლობის გამო, ის ე.წ. არჩევნებზე არ დაუშვეს.

„ძამბოლათ თედეევი არის ცნობილი მოჭიდავე, მას გარკვეულწილად ჰყავს ქართველი მეგობრებიც, თუმცა ასევე არაერთი საყვედური მსმენია, როგორ იჩაგრებოდნენ თედეევის მხრიდან ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირებზე,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, თედეევი იყო სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითთან დაპირისპირებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ კოკოითის პოლიტიკა არ მოსწონდა, უბრალოდ შიდა დაპირისპირება იყო და 2011 წელს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ედუარდ კოკოითის ოპოზიციას - ალა ჯიოევას დაუჭირა მხარი. თედეევს ცხინვალის რეჟიმის მხრიდან „ოსეთის გმირის“ წოდებაც აქვს მიღებული.

„პრინციპში, რომ გითხრათ, რომ კონფლიქტისას თავი გამოუჩენია აქტიურობით, არ მახსოვს. არც ქართველების მოყვარულობა მახსოვს და არც ცხინვალში მისი აქტიურობა. თუ ქართველების მოყვარული იყო, შეიძლებოდა ცოტა სხვანაირად მოქცეულიყო. 

„ყოველთვის იყო ფულზე ორიენტირებული სპორტსმენი. ასევე მონაწილეობდა ანტისაქართველოს აქციებში, თუმცა, პირველ რიგებში არ იყო. „გმირის“ წოდებაც აქვს. არ ვიცი იბრძოდა თუ არა ქართველების წინააღმდეგ იარაღით ხელში. შეიძლება იბრძოდა კიდეც პირველ ომში, მაგრამ მაინცდამაინც არ ჩანდა. 2008 წლის ომში კი, როგორც ვიცი, მონაწილეობა არ მიუღია,“ - ამბობს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×