დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში არის სხვადასხვა დაწესებულებები, სადაც აბრა ქართულ ენაზე არ არის დატანილი. რამდენიმე ადგილი „აიპრესმა“ საბურთალოს რაიონში, ონიაშვილისა და ტაშკენტის ქუჩებზე დააფიქსირა და შესაბამის სამსახურებსაც მიმართა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში 2-დღიანი მოკვლევის შემდეგ აღნიშნეს, რომ ფაქტზე რეაგირება მოხდა, თუმცა გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ირანის საგანმანათლებლო კომპლექსი, რომელიც ონიაშვილისა და ტაშკენტის ქუჩების კუთხეში მდებარეობს უცვლელი სახითაა.
ენის სახელმწიფო დეპატამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ ქაოსური ვითარებაა.
„იმდენად ქაოыური ვითარებაა, რომ ერთ და ორ თვეში ამ ვითარებას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. მეტს გეტყვით, ბარათაშვილის ხიდთან დგას ფეშენებელური სასტუმრო „ამბასადორი“. ბოლოს მივაღწიეთ შედეგს, რომ კეთილი ინებეს და გააკეთეს წარწერა ქართულ ენაზეც.
ჩვენ სადამსჯელო უფლებამოსილება არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია გაფრთხილების მიცემა, რაღაც გონივრული ვადის მიცემა, რომ კეთილი ინებონ და კანონის შესაბამისად გამოასწორონ ობიექტზე გაკეთებული წარწერა. თუ ამას არ აკეთებენ, მერე უკვე ზედამხედველობის სამსახურს ვატყობინებთ, რომელიც საჯარიმო სანქციებს აწერს მათ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.