მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა. იგი 40 წლის იყო. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუს:
ეკა ნიჟარაძე, მსახიობი: "ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ნიჭიერი, მხიარული, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. რეალურად კი ძალიან წვალობდა, მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა… დედამისზე დარდობდა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს და განიცდიდა, რომ დედა ასაკში, ასე ნაქირავებში ცხოვრობდა. გაფიქრებაც არ მინდა, ახლა რა დღეშია ეს ადამიანი… ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალისიანი და იუმორით სავსე იყო".
გია ჯაჯანიძე, შოუმენი: "სოციალური ქსელი აფეთქდა ზუზუს სურათებით, ყველას დაენანა და განიცადეს. ამხელა სითბო და ყურადღება სიცოცხლეში რომ მიეღო, ახლა ცოცხალი იქნებოდა. ნიჭიერი იყო, პროფესიონალი, ხშირად იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან თბილს, მოსიყვარულეს, მხიარულს, ეტყობოდა, რომ დიდ სევდას დაატარებდა. არ ვიცი, ეს სევდა რეალური ცხოვრებიდან ჰქონდა, თუ ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ადრე წავიდოდა…"
ლენუკა ყიფძიძე, მოდელი: "ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ზუზუსთან მე და ჩემი ძმა ვმეგობრობდით. მახსოვს, ყოველთვის პოზიტიური, სულ მოღიმარი, თან, ემოციური და ძალიან კარგი ადამიანი. დიდი ხანია, ასე გული არ დამწყვეტია… ერთმანეთს ხშირად ვხედავდით, ვმეგობრობდით. მისი გადაცვალების ამბავი რომ გავიგე, სერიოზული შოკი მქონდა".