(რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს და არ გატყდეს ზეწოლის გამო.
„გარკვეული ძალები თურქეთს ეკონომიკური ზეწოლით და თურქული ლირის გაუფასურებით ემუქრებიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. თურქეთი არ გატყდება იმ ქვეყნების ზეწოლის გამო, რომლებიც ანკარას თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ, თუმცა ამავდროულად ჩვენს ქვეყანას, როგორც ზეწოლის განხორციელების სამიზნეს, ისე განიხილავენ. ჩვენ ჩვენს კურს არ შევცვლით", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესჯა. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.