„ეს ამბავი პირველად გავიგე, რომ თითქოს თედეევი მონაწილეობდა ჩემი შვილის ცხედრის გადმოსვენებაში. როგორც ვიცი, ამ საქმეზე ძირითადად, მუშაობდა „პატრიოტთა ალიანსი.“ ასევე, ამ საქმეში იყვნენ ჩართული მორგოშია, დადიოდა კორკოტაშვილი,“ - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა „რეზონანსთან“ საუბარში.
მისი განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში იყო ჩართული სახელმწიფო, ხოლო თავად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ძამბოლად თედეევის ამ საქმეში ჩართულობის შესახებ პირადად მას ინფორმაცია არ აქვს.
„მათ არ უხსენებიათ, რომ თედეევი ეხმარებოდა. დანარჩენი მე არავინ არ ვიცი. იყო სახელმწიფო ჩართული, რომელმაც მცდელობა არ დააკლო და ამ თედეევზე საერთოდ არაფერი ვიცი, რომელთანაც პირადად მე კონტაქტი არ მქონია,“ - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავეების მხრიდან რუსულ დროშიანი და ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა შემდეგნაირად გაამართლა; მისი თქმით, ძამბოლატ თედეევი ქართველების მეგობარია და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში ქართულ მხარეს სწორედ თედეევი ეხმარებოდა.