სტიქია კახეთში - თელავის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო ნათესები სრულიად განადგურებულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უპრეცედენტოდ დიდი ზომის - 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლებმა ვენახების ასი პროცენტით გადადგურება და მიწასთან გასწორება შეძლო. ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა 200-მდე რაკეტა გაისროლა, თუმცა იმდენად დიდი მასშტაბის ნალექი მოვიდა, რომ ამანაც ვერ უშველა. კახელების ვენახებს სტიქია 30 წუთის განმავლობაში ანადგურებდა.
ძლიერი სეტყვის შედეგად თელავი, ქალაქის შემოგარენი და ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ახმეტაში ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ ქისტაურშია. როგორც სოფლის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ ყვებიან, სეტყვა და ქარიშხალი 30 წუთი გაგრძელდა. განადგურებულია ვენახები და ბოსტნეული.
ადგილობრივი გლეხი თეიმურაზ მოსიაშვილი გვიყვება, რომ მას ასეთი სეტყვა ქისტაურში არ ახსოვს. სოფელში თუ რამე ნარგავები იყო, ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. მის თქმით წაქცეულია ასწლოვვანი ხეები და სახლებს სახურავები აქვს ახდილი.
„ბოლო ერთ თვის განმავლობაში უკვე მესამედ დავისეტყვეთ. სტიქია, როგორც ჩანს, თიანეთიდან მოდიოდა და მხოლოდ სოფლის ნაწილს გადაუარა.
„აღარაფერი აღარ არსებობს, აღარც ვენახები და აღარც სასოფლო-სამეურნეო კულტურა. ჯამში დაახლოებით 200 ჰექტარი დაისეტყვა. პრობლემა ის არის, რომ ხალხს ვენახები დაზღვეული არ გვაქვს და ზარალის ანაზღაურება ვერ ხერხდება. ეს არის კატასტროფა და მთელი სოფელი შიმშილისთვის ვართ განწირული.
„ასევე გვაქვს ბანკის ვალები, რომლის მეშვეობითაც სოფელში ვენახებს ვამუშავებდით. წარმოდგენა არ გვაქვს ეს ფული საიდან უნდა გადავიხადოთ. ალბათ სახლებიდანაც გამოგვყრიან, სხვა მეტი არც არაფერი აღარ დაგვრჩენია. ვითხოვთ დახმარებას, იქნებ ამ გაჭირვებაში ასე არ მიგვატოვონ“, - ამბობს სოფელ ქისტაურის მკვიდრი თეიმურაზ მოსიაშვილი „რეზონანსთან“.
სოფელ ქისტაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და ყუარდღებას ითხოვს. ისინი ითხოვენ, რომ დაზიანებული გადარჩენილი ყურძნის ჩაბარებაში ცენტრალური ხელისუფლება დაეხმაროს.
მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს და ადგილზე სიტუაცია დძაბული იყო. სოფლის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ თუ მათ ყუარდღებას არ მიაქცევენ, ისინი საპროტესტო აქციას დაიწყებენ და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
„თუ ყუარდღებას არ მოგვაქცევენ, ჩვენც შესაბამის ზომებს მივმართავთ. არანაირი დაზღვევა არ გვაქვს, რადგანაც აღარ გვაზღვევენ, ხოლო თუ დაგვაღზღვიეს, კიდევ აქეთ გვძარცვავენ და მერე ამ ფულზე გვახვეწნინებენ.
„სოფლის ერთი წლის მარაგი მთლიანად განადგურებულია. მე პირადად სტუდენტი შვილი მყავს. ახლა ვენახიდან აღებული მოსავლით მისი სწავლის ფული უნდა გადამეხადა. წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა. ეს არის თვითოეული სოფლის მცხოვრებლის ტრაგედია და მძიმე ყოფა. ციდან წამოსულმა 30 წუთიანმა ნალექმა მთელი წლის ნაოფლარი და ნაშრომი მიწასთან გამისწორა.
„რა აზრი აქვს ან სოფელში ცხოვრებას და ან მიწაზე მუშაობას... შიმშილით დავწყდებით ალბათ. ვითხოვთ სასწრაფოდ ყურადღება მოგვაქციონ. შეგვხვდნენ ადგილობრივებს და რაღაც გამოსავალი მოიძებნოს“, - აცხადებს სოფელ ქისტაურის მცხოვრები „რეზონანსთან“.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ქალაქთან ახლომდებარე სოფლებიდან ზარალის შესახებ შეტყობინებებს ამ დრომდე იღებენ. ქალაქის გარდა დასეტყვილია სოფლები - კისისხევი და შალაური. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ ვენახეებიც დააზიანა.
სტიქიის გამო გამო მწყობრიდან გამოვიდა ქვესადგურები „გულგულა“, „ნაფარეული“, „კურდღელაური“ და „თელავი 2“. ელექტროენერგია თითქმის მთელ რაიონს არ მიეწოდება. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ აცხადებენ, უცნობია როდის აღდგება ენერგომომარაგება.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 101 გამოძახება დაფიქსირდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ტარდება. ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.
დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც. ძლიერი ქარიშხლის შედეგად, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში დღეს დილიდან განახლდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, 17:00 საათიდან, კახეთში ჩრდილო-დასავლეთიდან უპრეცენდენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბელი შემოვიდა, რომელმაც უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები შემოიტანა.
ცენტრის განმარტებით, ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა. ცენტრის განცხადებით, 40-60 მმ ზომის სეტყვის მარცვლების შემდგომი ზრდა შეაფერხეს, ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად კი 200-მდე რაკეტა გაისროლეს.