ცნობილი ხდება სტავროპოლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ორი მგზავრიდან ერთ-ერთი გენადი მესაბლიშვილი კომპანია „მიმინო ტრანსის“ მფლობელი იყო. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა ავარიაში მოყოლილი ავტობუსი, რომელიც თბილისი-კრასნოდარის რეისს ასრულებდა. გარდაცვლილი კი საქართველოს მოქალაქეა.
ავარიის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულებიდან საქართველოს სამი მოქალაქეა.
მძღოლი, რომელიც საჭესთან იჯდა, ხვიჩა უსუპოვი, დანაშაულს აღიარებს. მძიმეა მეორე მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარება, რომელსაც ორივე ფეხი მოტეხილი აქვს. ისიც საქართველოს მოქალაქეა.
გადამზიდავთა ასოციაციაში "კურიერს" უთხრეს, რომ ავარიაში მოყოლილმა ავტობუსმა ტექდათვალიერება 2 თვის წინ გაიარა.
ამ დილით თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანას შეეჯახა.