თამარ შუკვანი
20.08.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ისევ მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერის მოლოდინშია, "ქართული ოცნება" კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პრემიერ ბახტაძის თქმით, "ოცნებამ" რამდენიმე კვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და მოვლენების განვითარებას ელოდება. საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებს - მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების ვადა ამოიწურება.

"იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვას, სხვა პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმარჯვოს, პირველ რიგში, საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეზე, ამ მიზნით, შესაძლოა, "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი," - აღნიშნულ საკითხსა და კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

"მთელი კვირა": თქვენი აზრით, როგორი იქნება მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილება - "ქართული ოცნება" დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს?

ნიკა ჩიტაძე: გვახსოვს 2016 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნები და სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მაშინ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. რეალურად, ის იყო "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანდიდატი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ამჯერადაც "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

უკმაყოფილება იზრდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ მისი გამონათქვამების გამო: რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და რომ ჟურნალისტებმა ტვინი უნდა გაანძრიონ...  აღნიშნული ფაქტები და წარსული საქმიანობა გარკვეულწილად "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ნაწილში მის მიმართ უკმაყოფლებას იწვევს.

ამ ყველაფრის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს და იგი წარდგეს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი მოთამაშე. ამ შემთხვევაში ოპოზიციონერი კანდიდატების შანსი იზრდება, რისი დაშვებაც მმართველ გუნდს არ სურს.

ან შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ არ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა მან მიიღოს შემოწირულობის უდიდესი ნაწილი საპრეზიდენტო კამპანიის ჩასატარებლად ისე, როგორც "ოცნებამ" მიიღო მუნიციპალური არჩევნების წინ პარტიების საერთო შემოწირულობის 90%-ზე მეტი.

სალოზე ზურაბიშვილის წარსული პოლიტიკური საქმიანობა და დღევანდელი განცხადებები ჩირქს სცხებს თვითონ "ქართულ ოცნებას" და შესაძლოა, მათთვის ხელსაყრელი არ იყოს მისი კანდიდატურა.

იმ დროს, როდესაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, "ოცნების" წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ მის კანდიდატურას და მისთვის ქება-დიდებასაც არ იშურებდნენ, მაგრამ დღეს ისინი მოკრძალებულ პოზიციაზე დგანან და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ერიდებიან.

"მ.კ.": საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტს როგორ შეაფასებთ? რა დატვირთვა აქვს მას და რას ელოდება საქართველო ამ ვიზიტისგან?

ნ.ჩ.: რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის მეთაურის საქართველოში ვიზიტი. შესაძლოა, ანგელა მერკელის ვიზიტის შემდგომ გაიმართოს ქართულ-გერმანული ბიზსნესწრეების წამომადგენელთა შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს გერმანული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების დაბანდებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

გერმანია ყველანაირად ცდილობს, რომ გაიზარდოს მისი საერთაშორისო ავტორიტეტი მსოფლიოში; დიდი ხანია, იბრძვის, რომ მოიპოვოს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილი. სამხედრო თვალსაზრისით დღეს გერმანია, შესაძლოა, არ არის ძლიერი, მაგრამ ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.

მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. გერმანიის ხმა, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი გადამწყვეტი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს მაპი (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).

"მ.კ.": როგორ შეაფასებთ საპროტესტო ნოტას, რომელიც საქართველომ ირანისაგან მიიღო და რამდენად ლეგიტიმური იყო ქართველი მესაზღვრეების მიერ ირანელი მგზავრებისათვის ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნა?

ნ.ჩ.: ირანი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი პროდასავლურია. ირანული კომპანიები მუშაობენ საქართველოში და საქართველო ეწევა ირანის ნავთობპროდუქტების იმპორტს. ასევე, უვიზო რეჟიმია საქართველოსა და ირანს შორის. 

ვფიქრობ, ეს ნოტა უარყოფითად არ აისახება ირანისა და საქართველოს ურთიერთობაზე. ქართველი მესაზღვრეების მოთხოვნა ლეგიტიმურია. როდესაც საზღვარზე უნდა გაატარონ კონკრეტული მოქალაქე, ისინი საპასპორტო მონაცემებს უნდა გაეცნონ. ამ შემთხვევაში ირანის მოქალაქეთა ეროვნულ და რელიგიურ ტრადიციებს არავინ ლახავდა.

"მ.თ.": თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იყო რუსულდროშიანი მაისურების ჩაცმა ქართველი მოჭიდავეების მიერ?

ნ.ჩ.: ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია. მათ არაერთხელ ასახელეს საქართველო, რისთვისაც ვუხდი მადლობას, მაგრამ გამოვხატავ ჩემს მწუხარებას იმ ფაქტის გამო, რომ ისინი რუსულდროშიან მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.

კონფლიქტის მიუხედავად, მეგობრობა და პირადი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული დროშის ფერებში ფოტო უნდა გადაიღონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×