ელზა პაპოშვილი
20.08.2018

 ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელებით შანტაჟი და ბულინგი გახდა. ფსიქოლოგების აზრით, ხშირად მოზარდები სოციალურ ქსელებში ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. სირცხვილის და შიშის გამო მათი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც სუიციდისკენ უბიძგებს.

სოციალური ქსელით შანტაჟის ერთ-ერთი მსხვერპლი რამდენიმე დღის წინ 16 წლის მოზარდი გახდა. გურიაში, სოფელ ნატანებში, გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს. გოგონას მეზობლები "მთელ კვირასთან" ყვებიან, რომ მან თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ოჯახს ბოდიშს უხდიდა და აღნიშნავდა, რომ მას სხვა გზა აღარ ჰქონდა.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონას სოციალური ქსელით ვიღაც აშანტაჟებდა და ბოლო დროს მის უცნაურ ქცევაზე მშობლებიც საუბრობდნენ. მოზარდის უცნაურ საქციელზე მისი თანაკლასელებიც ყვებიან "მთელ კვირასთან", რომ იგი ბოლო დროს სიკვდილზე საუბრობდა და ვიღაცის ეშინოდა, თუმცა არ ამბობდა, რა იყო შიშის მიზეზი.

დედის დაბადების დღეზე იგი სახლის უკანა ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მოზარდის კლასის დამრიგებელი ნანა სამხარაძე "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ის კარგი აკადემიური მოსწრებითა და ყოფაქცევით გამო-ირჩეოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გარდაცვლილ არასრულწლოვანს 22 წლის მამაკაცი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალით აშანტაჟებდა. მან გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო და მსგავსი ფოტოებისა და ვიდეობის გაგზავნა მუქარით აიძულა. ამის შემდეგ კი აშანტაჟებდა, რომ თუ მის სურვილებს არ შეასრულებდა, ამ ფოტოებსა და ვიდეომასალას მის მშობლებს აჩვენებდა, მთელ სოფელს გააგებინებდა, რომ ის ცუდი ყოფაქცევისაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - "ფეისბუკის" საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა.

"მოგვიანებით ბრალდებული გოგონას აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა.

"მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზეც 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ამ ფაქტის შემდეგ "მთელი კვირა" დაინტერესდა, რამდენად ხშირია მოზარდების მიმართ სოციალური ქსელით შანტაჟი და ბულინგი.

ბოლო წლებში გახშირებული სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად ფსიქოლოგები სწორედ სოციალურ ქსელებს ასახელებენ, სადაც მოზარდების შანტაჟი და ბულინგი ხშირია. მოზარდები ამბობენ, რომ სოციალური მედიით უზარმაზარ წნეხს განიცდიან. სკოლაში გავრცელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დევნას - დაცინვას, ჩაგვრასა და ტერორს, რასაც ბულინგს ეძახიან, დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერბულინგი.

სოციალური ძალადობის ფორმებს შორის ფსიქოლოგები გინებას, გაუპატიურების, ცემის, მოკვლის მუქარას, კიბერბულინგს, არასასურველ კონტაქტს ასახელებენ. მათი აზრით, ყოველი ოთხიდან ერთ ქალს მაინც აქვს მიღებული ძალადობის მუქარა, განსაკუთრებით ხშირად - არასრულწლოვნებს.

2015 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში საზარელი შემთხვევა მოხდა. მე-5 კლასელმა 11 წლის ბიჭმა თავი იმის გამო ჩამოიხრჩო, რომ მას კლასელები დასცინოდნენ და "აყვანილ ბავშვს" ეძახდნენ, რაც სოციალურ ქსელშიც დაცინვის საგანი გახდა. ბიჭს, სავარაუდოდ, კლასელები სოციალურ ქსელში წერდნენ და მის ბულინგს ამ ფორმით აგრძელებდნენ. მან თავი სახლის უკანა ეზოში ჩამოიხრჩო. 

მაშინ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა გარდაცვლილის კლასელები არ დასჯილან, რადგან, სისხლის სამართლის კოდექსით, ასეთი სახის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება.

14 წლის ნიკა პავლიაშვილის მამა, რომლის ვაჟმაც ამა წლის გაზაფხულზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამბობს, რომ მისი შვილიც ინტერნეტით შანტაჟს შეეწირა. იგი ფიქრობს, რომ ნიკა საშიშ ინტერნეტთამაშში იყო ჩართული და მასზე გარკვეული ჯგუფი ზემოქმედებდა.

14 წლის ბიჭი მე-14 სართულიდან გადახტა. მის სხეულზე ნაჩხვლეტი ჭრილობები ოჯახს აფიქრებინებს, რომ შვილი საშიში ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა.

გარდაცვლილის მამა სხვა მოზარდების დასაცავად გამოძიებას მეტი ეფექტურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბოლო დროს გახშირებული არასრულწლოვნების თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ რომ ინტერნეტთამაშები და სოციალური ქსელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×