ეკატერინე ბასილაია
20.08.2018

 მოსკოვისათვის ოკუპირებული ცხინვალი გადაიქცა ფულის გათეთრებისა და არალეგალური ფინანსური მაქინაციების ცენტრად, რითაც კრემლი უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, სეპარატისტულ მოძრაობებსა და სამხედრო ოპერაციებს აფინანსებს.

რუსეთის ფინანსური სქემის დეტალებზე - ცხინვალში დარეგისტრირებულ აღმოსავლეთ უკრაინის 200-ზე მეტ კომპანიაზე, კერძო პირებსა და მთელი ამ ფულის გამთეთრებელ ბანკზე რუსული გამოცემა "მედუზა" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური სქემის ამოცანა მარტივია. უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს საბანკო ბლოკადა გამოუცხადა. მინსკის ხელშეკრულების თანახმად, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი რუსეთიცაა, იკრძალება ბიზნესი და გადარიცხვის ოპერაციები აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის თანხმობის გარეშე, ამიტომაც სეპარატისტულ დონბასსა და რუსეთს შორის პირდაპირი ანგარიშსწორება შეუძლებელია.

მოსკოვს არ სურს მინსკის ხელშეკრულების დარღვევა, ისედაც დიდი სანქციები აწევს, მაგრამ ამ ტერიტორიებზე სეპარატისტული მოძრაობის დაფინანსება სჭირდება. ამიტომაც ამუშავდა სქემა და მასში ერთ-ერთი მთავარი როლი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს მიენიჭა.

გამოცემის ცნობით, ყველაფერი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა", ხოლო რამდენიმე ხნის წინ "სამხრეთ ოსეთმა" აღიარა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, "რესპუბლიკები" (აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთს ეს არ გაუკეთებია).

ამ აღიარების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიები და კერძო პირები, რომელთა დაფინანსებაც მოსკოვის სურვილია, დარეგისტრირდნენ სამხრეთ ოსეთში. ამ ეტაპზე ცხინვალში უკვე რეგისტრირებულია 200-ზე მეტი კომპანია დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ხოლო სამი წლის წინ სამხრეთ ოსეთში შეიქმნა ე.წ. საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი, რისი საშუალებითაც ხდება ფინანსური ტრანზაქციები უკრაინის აღმოსავლეთით არაღიარებულ რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის.

მოსკოვთან შეთანხმებით, დონეცკისა და ლუგანსკის ფირმების ოსური წარმომადგენლობები სპეციალური საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ და ცხინვალელ სეპარატისტთა ხაზინაში მოგების მხოლოდ 1%-ს იხდიან. აქედან გამომდინარე, მათგან საბიუჯეტო შემოსავალი მცირეა - 2017 წელს მხოლოდ 20 მილიონ რუბლს (დაახლოებით 300 000 დოლარი) შეადგენდა. თუმცა ამოცანა ხომ "სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის" დახმარება არ ყოფილა.

"თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მხარს დავუჭერ", - განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "მედუზასთან" საუბრისას, - "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს ამ იურიდიულ პირებს, ფეხზე დადგნენ, თუნდაც 0,5% იყოს შემოსავალი, მაშინაც კი, თუ საერთოდ არ იქნება რაიმე პროცენტი".

"საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი" კი, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში კომპანიებს ემსახურება, დღეს გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელია ცხინვალის რეგიონში. 2017 წელს სეპარატისტთა ბიუჯეტში მან 14 მილიონი რუბლი (დაახლოებით 500 000 ლარი) შეიტანა.

2017 წლიდან აღმოსავლეთი უკრაინის უმსხვილესი ოლიგარქები ბიზნესს სამხრეთ ოსეთის მეშვეობით ახორციელებენ.

2017 წლის მარტში დონეცკის ყველა მსხვილმა საწარმომ (მაგალითად, მეტალურგიულმა ქარხნებმა, მილების ქარხანამ და სხვა) დაიწყო რეგისტრირება, როგორც სამხრეთ ოსეთის კომპანია "ვნეშტორგსერვისის" ფილიალმა.

2018 წლის აპრილის დასაწყისში დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრ ზახარ-ჩენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, ეს კომპანია დანიშნა ქარხნების "დროებით ადმინისტრაციად", რომელთა უმეტესობა ეკუთვნის უკრაინის უმდიდრეს ადამიანს - რინატ ახმეტოვს.

იგივე მოხდა ლუგანსკში ცნობილი ოლიგარქი ახმეტოვის კომპანიების შემთხვევაშიც. "ვნეშტორგსერვისის" მმართველობაში გადავიდა "კრასნოდონუგოლი" - ქვანახშირის უდიდესი კომპანია, სადაც 12 ათასი თანამშრომელია და რომელმაც მუშაობა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგაც გააგრძელა.

გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ სინამდვილეში სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ "ვნეშტორგსერვისს" აკონტროლებს სერგეი კურჩენკო - ბიზნესმენი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ოჯახის ახლობელია. 2014 წლიდან კურჩენკო მოსკოვში ცხოვრობს. მის კომპანია "გაზ-ალიანსსა" და "ვნეშტორგსერვისს" შორის კავშირზე განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც, რომელმაც 2018 წელს ამ ორივე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთისთვის ცხინვალი იქცა ფულის გარეცხვისა და არალეგალური ფინანსური ოპერაციების მანქანად.

"იცით, რომ სამხრეთ ოსეთიდან მოხალისეთა ბატალიონებშიც კი იყვნენ დონეცკში. ასევე, სწორედ სამხრეთ ოსეთიდან არალეგალური ფინანსური ოპერაციებით ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში - დონეცკში სეპარატისტების დაფინანსება.

"არალეგალური გადარიცხვებისთვის აბსოლუტურად მომგებიანია სამხრეთ ოსეთი, რადგან იქ საზოგადოებრივი კონტროლიც კი არ არსებობს. აფხაზეთში, შესაძლოა, ვიღაცამ იყვიროს ოპოზიციიდან, მაგრამ ცხინვალში ასეთი რამ არ მოხდება. ამიტომ ეს არის შავი ხვრელი, რომელსაც მოსკოვი იყენებს იმისათვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები იყოს.

"მინსკის ხელშეკრულებით, რუსეთს დონეცკსა და ლუგანსკში ფინანსური ოპერაციების უფლება არ აქვს, ამიტომ იყენებს ცხინვალს. სამხრეთ ოსეთი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. თანაც, ცხინვალი არ დაგიდევს, იმიჯი გაუფუჭდება თუ არა ამით, აფხაზები კი ამას ერიდებიან და ყურადღებას აქცევენ.

"ყველამ იცის ეს ამბავი, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელისუფლებაა ჩართული, მაგრამ, პრაქტიკულად, არავითარი ბერკეტი არ აქვთ ხელთ, რომ ეს პროცესი გააჩერონ. ვერც დაუმტკიცებენ რუსეთს, რომ ამას ოლიგარქები კი არ აკეთებენ, არამედ - კრემლი. ოლიგარქის სახელზეც რომ იყოს გაფორმებული, მის უკან მაინც რუსეთის ხელისუფლება დგას, რადგან ეს არის მოსკოვის ის საბიუჯეტო თანხა, რომელიც უკრაინელი სეპარატისტების დასახმარებლად მიდის", - ამბობს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×