დასავლეთ საქართვლოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, სწორი, კოორდინირებული მიდგომითა და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით სიტუაციის გაკონტროლება და აზიური ფაროსანას რაოდენობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა სრულიად შესაძლებელია.
სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავდა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციებს ეყრდნობა. შესაბამისად, გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ქვეყანაში მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება.
„მოსახლეობის და ფერმერების ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და მიიღოს ხარისხიანი მოსავალი.
დეზინფორმაციის გავრცელება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობის შესახებ, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას; ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა მოსახლეობაში გააჩინოს აბსოლუტურად უსაფუძვლო უნდობლობა და საფრთხე შეექმნას წამლობის პროცესს, რაც სავალალო შედეგის მომტანი იქნება.
ასევე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს წამლობის ღონისძიებებში, გონივრულ აზრსაა მოკლებული ფერმერების გარკვეული ჯგუფის მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეის მდომარეობით, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია, დაახლოებით, 410 ათასი ჰექტარი სოფლების ტერიტორია, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 37 ათას ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით - 19 ათასამდე ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით- 4488 ჰექტარი. მავნებლის სასოფლო სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები
პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციები ფერმერებთან ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ შექმნილია ცხელი ხაზი და ნებისმეირ მათთვის საჭირო ინფორმაციაზე ფერმერებს ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატურად აგრძელებს ასევე შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფაროსანასთან ბრძოლის პროცესს მონიტორინგს უწევს.
სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო პროგრამის მიზანია მავნებლის პოპულაციის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. პროგრამის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ბრძოლა მავნებლის წინააღმდეგ.
„ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. ამ სტრატეგიის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ინფორმირებულობა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ სამუშაოებს, რომლებსაც სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და ენახათ მიღებული შედეგი. „სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი _ მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
წელს მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, მთავარ ფიტოსანიტარს - ზურაბ ლიპარტიას მიაჩნია, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით თავის იყრის უნიკალური გამოცდილება, რომელიც თანდათან გროვდება. ამის შედეგი, როგორც ლიპარტია აღნიშნავს, საკმაოდ იმედისმომცემია და იძლევს გარანტს, რომ სწორი აგროტრექნიკური ღონისძიებების საშუალებით მავნებელთან ბრძოლა შესაძლებელია. თუმცა, ეს ბრძოლა საკმაოდ რთულია და ხანგძლივ პერიოდს მოიცავს.
,,ყველაზე მეტი რისკი დასავლეთ საქართველოშია, ამიტომ ძირითადი ღონისძიებები სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შარშან 140 ათასი ჰექტარი იყო დამუშავებული. წელს 410 ჰექტარი დამუშავდა. თუკი 2017 წელს მუშაობდა 14 ერთეული აგრეგატი შემასხურებელი, მათი რაოდენობა უკვე 150-მდეა გაზრდილი. ასე რომ, მასშტაბის ზრდა ციფრებითაც თვალსაჩინოა. აგროტექნიკური ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს მთლიანად სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ყოველდღიურ წამლობა ტარდება. მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობით არის მავნებელი გამოსული და წამლობაც შესაბამისად ხდება. ღონისძიებები ტარდება კონკრეტულად იმ ადგილებში, მავნებლის რაოდენობა აღემატება ზღვრულ ნორმას, ანუ სადაც 1 დამჭერზე ათი მავნებელია.
მნიშვნელოვანია, რომ 60 000 ფერომონი უკვე განლაგებულია ,,მოიზიდე და გაანადგურე” სადგურებთან ერთად. გარდა ამისა, ამ ღონისძიებებს ვგეგმავთ შემოდგომაზეც, როცა მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, მიემართება სახლებისაკენ. ჩვენ განვალაგებთ სოფლის პერიმეტრებზე ამ ფერომონებს, რათა გამოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობა და შემდეგ დავანადგუროთ თერმული ნისლის ტექნოლოგით.
ცხადია, მავნებელთან წინააღმდეგ ბრძოლაში თანდათან მეტი გამოცდილება გროვდება, რაც საბოლოოდ გამოიხატება ჩვენს ღონისძიებებში და ეს პროცესი გაგრძელდება მუდმივად, სანამ მავნებელს არ დავამარცხებთ”, - აცხადებს ლიპარტია.
ფაროსანასთან ბრძოლის აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს აბაშაში, სადაც თხილის დიდი მასივებია. სოფელ ტყვირის მკვიდრს, რაულ ჯამაშურიას თხილის კულტურა 1,5 ჰა-ზე აქვს გაშენებული. თხილის რეალიზაციისგან მიღებული თანხა მისი ოჯახის მთავარი შემოსავალია. ფერმერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 3 ტონამდე თხილის მიღებაა შესაძლებელი. თუმცა შარშან მხოლოდ 0,5 ტონა მოსავალი მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს აზიური ფაროსანამ ოჯახი დაააზარალა, მაგრამ წელს ვითარება აშკარად შეიცვალა.
,,საკარმიდამო ნაკვეთში თხილის პლანტაცია 1,5 ჰა-ზე მაქვს გაშენებული. ფაროსანას გამო შარშან ძალიან ცუდი მოსავალი იყო. წელს კი, გარდა სახელმწიფოს დახმარებისა, მე პირადად 5-ჯერ შევწამლე. 2 კვირაში ერთხელ ვწამლავდი. შედეგი სახეზეა უკვე მოკრეფილი მაქვს ნახევარზე მეტი თხილი და შემიძლია ვთქვა, რომ მოსავალი 100%-ით გადამირჩა. შარშან 1,5 ტონა მოსავლიდან ვარგისი მხოლოდ 0,5 ტონა გამოდგა, დანარჩენი კი ცეცხლში დავწვი. ჯერჯერობით კი თხილი 2 ტონამდე მაქვს მოკრეფილი, 30 ცალი გავტეხე მიყოლებით და ყველა საღი იყო. 1,5 ჰექტარზე 5-ჯერ შეწამვლა 500 ლარი დამიჯდა.
6 წელია ეს პლანტაცია მაქვს, არც იქამდე მსმენია ვინმესაგან, რომ თხილს უვლიდა. არც მე გამიკეთებია მსგავსი არაფერი. ვრგავდი ნერგს და რამდენიმე წელში იღებდი მოსავალს. ახლა კი, ცხადია, გლეხებს უჭირთ იმასთან შეგუება, რომ თხილის კულტურასაც სჭირდება მოვლა, რომ ნაყოფიერი იყოს“, - აღნიშნა "რეზონანსთან" რაულ ჯამაშურიამ.
ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტებთან ერთად, მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობს.
მოსავლის შენარჩუნების მიზნით, თხილის მასივები მასიურად შეიწამლა იმერეთსა და გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი ვახტანგ სირაძე ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდა, რაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო.
,,მავნებელთან ბრძოლის მესამე ეტაპს გავდივართ. დაავადების აღმოჩენისთანავე მთელი პლანტაციები ჯერ კიდევ თხილის სეზონის დასაწყისში შეიწამლა. თუმცა აქა-იქ მცირე კერებია, სადაც დაავადება ჯერ კიდევ შეინიშნება. პრობლემაა მთელ დასავლეთ საქართველოში. შეიძლება, ამის გამო ხარისხის პრობლემა გაჩნდეს, მაგრამ ამ მხრივ ნამდვილად არ გვექნება ის მდგომარეობა, რაც შარშან იყო.
თხილის მოვლის გამოცდილებაც არ გვქონდა, ამიტომ დროულად ვერ ვიღებდით ზომებს. ამ სეზონს ბევრად მომზადებული დავხვდით, თავის დროზე შევწამლეთ თხილის მასივები და საკარმიდამო ნაკვეთები, ცდა არ დაგვიკლია, ცხადია, ფაროსანას წინააღმდეგაც ვიღებთ ზომებს", - ამბობს "რეზონანსთან" ვახტანგ სირაძე.
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეტი კოორდინაციისკენ როგორც სააგენტოსთან, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მავნებელთან ბრძოლის პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს.