მოსალოდნელი არამგდრადი ამინდების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძენის კრეფა ნაადრევად დაიწყო. სოფელ ქისტაურსა და ახაშენში ნაადრევი რთველი დილიდან დაიწყეს. ადგილობრივები გადარჩენილ მოსავალს ჩასაბარებლად ამზადებენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ხარჯებსაც ვერ აუნაზღაურებთ.
"15 ტონა ყურძენს ველოდებოდი და თითქმის არაფერი აღარ დამრჩა. რაც არის ესეც უკვე ლპება, ყურძნის კრეფა დილიდან დავიწყეთ, იქნება ცოტა რამე თანხა მოგვცენ. კილოზე 40-50 თეთრს მოგცემთო, გვითხრეს. მთავრობისგან ფულად დახმარებას ველოდებოდით და უარი მივიღეთ, მხოლოდ ჩაბარებაში დაგეხმარებითო. არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ისროლეს", - განაცხადა დაზარალებულმა თემურ მანველიშვილმა.
დაზარალებული ფერმერებისგან ყურძნის მიღება ახმეტის ღვინის ქარხანამ დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო.
არსებული მონაცემებით, სეტყვამ და ქარმა ახმეტასა და თელავში 500 ჰექტარზე მეტი სასოფლო - სამეურნეო სავარგული დააზიანა. თითქმის მთლიანად განადგურდა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.
დღეიდან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სამინისტროდან ცნობით, ზემო აღნიშნული დღეების განმავლობაში, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს, ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.