ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალწვეული სოფელში უქმეებზე მშობლებთან იყო ჩასული. მეზობლები აცხადებენ, რომ ის თანასოფლელის გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი ნადირობდა და სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის მეშვეობით, სავარაუდოდ, გზაზე მიმავალი 23 წლის ჯარისკაცი მოკლა.
მომხდარს მეზობლები უბედურ შემთხვევად თვლიან და აცხადებენ, რომ გარდაცვლილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა და მას ბიჭი განზრახ არ მოუკლავს.
მათივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ბოლო დროს ამბობდა, რომ მის ეზოს ნადირი შემოეჩვია და მისი მოკვლა სურდა. ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ეზოში ნადირის შემჩნევის შემდეგ, მან რამდენჯერმე გაისროლა და გზაზე შემთხვევით მიმავალი ახალგაზრდა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
თანასოფლელები ბრალდებულსაც და გარდაცვლილ ახალგაზრდასაც დადებითად ახასიათებენ. მეზობლების ინფორმაციითვე მამაკაცი სანადირო თოფით პოლიციას თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ თანასოფლელი მოკლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარს მძიმედ განიცდიდა და ამბობდა, რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია და გზაზე მომავლი ბიჭი არც კი შეუმჩნევია. ახალგაზრდას გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს და ის ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
„წარმოუდგენელი ამბავი მოხდა სოფელში, ორი ალალმართალი ადამიანი უბედურებაში გაეხვა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი დაპირისპირება. ჩვეულებრივად ნადირობდა და მონადირის ბრმა ტყვიამ ეს საცოდავი ბავში იმსხვერპლა. ერთი სოფლელები არიან.
"თავად საცოდავი კაციც გაგიჟებული იყო, ეს რა მოხდაო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ გზაზე ვიღაც მოდიოდა. ჩვეულებრივი სანადირო თოფი ჰქონდა, რომლითაც ნადირობდა ხოლმე. თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დარეკა სასწრაფოში და დახმარებას ითხოვდა. გამოვედით მერე ყველა მეზობლები და ამ უბედურების შემსწრე გავხდით. პოლიციასაც თავად ჩაბარდა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან"
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის არ არის ცნობილი რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა დაზუსტებით იციან, რომ კონფლიქტი არ მომხდარა. დაკავებულის და თეა თედოზაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი ძმა პოლიციას თავად ჩაბარდა და მომხდარის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„არანაირი კონფლიქტი ჩემს ძმასა და ამ პატარა ბიჭს შორის არ მომხდარა. თანასოფლელები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს ნორმალურად არც იცნობდნენ. ბოლო დროს ამბობდა, რომ ეზოში რაღაც გარეული ცხოველი შეამჩნია და უნდა მოეკლა.
სწორედ ალბათ ამ დროს გამოიარა იმ საწყალმა ბავშვმა. თვითმხილველები ვინც არიან, ამბობენ, რომ შემთხვევით ბრმა ტყვია მოხვდა. წავიდა თვითონ ჩაბარებული, რა მოხდა და როგორ მოხდა, გაირკვევა. დაუშვებელია განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენა, ეს არის გაუფრთხილებლობით გამოწვეული უბედურება. მას ამ ბავშვის მოკვლა განზრახული არ ჰქონია. ამის მოტივიც არ ჰქონდა", - ამბობს დაკავებულის და თეა თედოზაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.