(რეზონანსი) ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ ცხოველთა წამების ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემები გვაქვს და სერიოზული ბრძოლა გველის ქვეყნის გადასარჩენად. მაგრამ თუკი მოვახერხეთ მისი გადარჩენა, უნდა მოვიდეს ისეთი თაობა, რომელიც მას განავითარებს და წინ წაიყვანს, არა მარტო ეკონომიურად და პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასე საშინლად გავრცელდა ცხოველების წამება ბავშვების მიერ, 6-7 წლიდან დაწყებული და შეიძლება უფრო ადრეც. ასეთ ბავშვებს უკვე მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და თუ ამას ყურადღება არ მიექცა, როგორც მშობლების, ასევე სათანადო სამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ისინი სულ მალე ჩამოყალიბებული სადისტები, მკვლელები, გამაუპატიურებლები გახდებიან.
ამგვარი ფაქტები ისეთი ამაზრზენი, ისეთი გულის სიღრმემდე შემაძრწუნებელია, რომ მათი ჩამოთვლა არ შემიძლია. მხოლოდ ერთ შემზარავ ამბავს ვახსენებ - სულ რამდენიმე დღის წინ, გორში სწორედ 6-8 წლის ბავშვები პატარა, უმწეო ლეკვით ფეხბურთს თამაშობდნენ, ჩაუმტვრიეს ნეკნები, თავის ქალა, და სიკვდილის პირამდე მიყვანეს ეს პატარა, უსუსური არსება. ეტყობა ხალისობდნენ ამ საცოდვის განწირული წკმუტუნ-კივილით. გესმით, რა საშინელების მანიშნებელია ასეთი საქციელი? არა და ამგვარი და კიდევ უარესი გართობა რაღაც მემე, ვირუსი გახდა და შავი ჭირივით გავრცელდა ბავშვებში.
ცხოველზე ძალადობა არის სუსტზე და დაუცველზე ძალადობა. შემდეგი ნაბიჯი ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე და საერთოდ ყველაზე ძალადობაა, ვინც სუსტი და დაუცველია, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა აქვს. ეს საკითხი ძირფესვიანად არის შესწავლილი დასავლეთში ფსიქოლოგების, სოციოლოგების, კრიმინოლოგების მიერ. ეს უაღრესად სერიოზულ პრობლემად ითვლება და დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიიროებს.
ამ მხრივ მშობლების და მასწავლებლების ვალია ბავშვს ცხოველისადმი სიყვარული თუ არა, სიბრალული მაინც ჩაუნერგონ. უბედურება ის არის, რომ ამგვარი სისასტიკე ან, უკეთეს შემთხვევაში, გულგრილობა დიდებშიც ჭარბობს. ჩვენი კულტურა ამ მხრივ ჯერ შუა საუკუნეების დონემდეც არ არის მისული. რა უნდა ელოდო ისეთი მშობლისგან, რომელიც ადამიანის მკვლელ შვილს ამართლებს, ჩემი შვილი ამას არასოდეს იზამდაო. ცხოველის წამება და მოკვლა ხომ საერთოდ არაფერია - რა მოხდა, გაერთო ბავშვი.
ამიტომ პირველყოვლისა მშობლებს უნდა გადაახდევინონ უზრმაზარი ჯარიმა მათი შვილების საქციელისათვის. მიკვირს, დღევანდელი ძარცვა-გლეჯაში გაწაფული ხელისუფლება ამას რატომ ვერ მიმხვდარა. სახრავი აკლდებათ და აგერ მათხოვრებს ახდევინებენ ფულს მათხოვრობის უფლებისთვის. ცხოველის წამებისთვის მშობლის დაჯარიმება ხომ გაათმაგებდა ბიუჯეტს.
რაღაც სერიოზული ნაბიჯებია ამ მხრივ გადასადგმელი და თუ ნორმალური, განათლებული, ქვეყნის ბედით დაინტერესებული ხალხი და არა რუსეთის აგენტები და ბანდიტები მოვლენ ხელისუფლებაში, ამ პრობლემასაც უსათუოდ უნა მიექცეს ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით უარესი მომავალი გველის, ვიდრე გვგონია!" - წერს დოდონა კიზირია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე