
პირი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტში 23 წლის ახალგაზრდას ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს – 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.თ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაღუპული 23 წლისაა. ის ახალწვეული იყო და უქმე დღეებზე ოჯახთან სოფელ ხვედურეთში იმყოფებოდა.