ია აბულაშვილი
21.08.2018

 გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირი, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები.

საქართველოს მთავრობის განცხადებით კი, ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ კომპონენტსაც შეიცავს. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერთან ერთად თბილისში ჩამოვლენ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქართველოში განთავსების საკითხი იყოს.

ქართველ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ საქართველოში ლტოლვილების განთავსების საკითხი შეხვედრის მთავარი თემა იყოს, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ლტოლვილთა პრობლემა იყოს.

სოსო ცინცაძე: რასაკვირველია, დოკუმენტური მტკიცებულება ხელში ჩვენ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს იმის თაობაზე, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება საუბარი. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.

ბუნებრივია, რომ გერმანიის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მერკელს ყოველი მხრიდან უტევენ, დაწყებული ტრამპით და დამთავრებული შიდა კოალიციური მოკავშირეებით, ძნელი სავარაუდოა, რომ კანცლერის ვიზიტი ჩვენს რეგიონში ძირითადად ჩვენი დახმარების იდეით იყოს გამოწვეული.

ჩვენ ალბათ უფრო დეტალურად უნდა გავაანალიზოთ ის ურთულესი პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა მერკელის მთავრობა. ეს არის ამერიკასთან ურთიერთობა; ეს არის რუსეთთან ურთიერთობა; ასევე, სანქციების იდეა; ჩიხში შესული ნორმანდიის ოთხეულის პრობლემა; "ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის" პრობლემა. მაგრამ მთავარი მაინც დღეს, რომელიც ყველაზე დრამატულად და ყველაზე უპერსპექტივოდ გამოიყურება, ეს არის უკანონო მიგრანტთა პრობლემა.

პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ თავის დროზე მერკელმა უცნაური ხელგაშლილობით, შეიძლება დაუფიქრებლადაც და შედეგის გაუთვალისწინებლადაც გაუღო კარი მილიონობით ლტოლვილს.

შემდეგ თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოში, როდესაც ორი წლის წინ ასევე მერკელის ინიციატივითა და ძალისხმევით ხელშეკრულება გაფორმდა ევროკავშირსა და თურქეთს შორის. ევროკავშირი დააფინანსებდა თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა დროებითი თავშესაფრების მშენებლობას, ხოლო თურქეთი თავის საზღვარს ისე ჩაკეტავდა, რომ ევროპისკენ ლტოლვილთა ნაკადი შეწყვეტილიყო.

ამის შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ მდგომარეობა სავალალოა: ევროპიდან თურქეთმა გაიყვანა სულ 1 200 ლტოლვილი, ხოლო თურქეთის გავლით იგივე გერმანიაში შევიდა 12 ათასი ლტოლვილი. რაც შეეხება თურქეთისთვის შეპირებულ 6 მილიარდ ევროს, ნახევარი უკვე თურქეთს ათვისებული აქვს და მეორე ნახევარი წლის ბოლომდე უნდა იქნეს ათვისებული.

ბუნებრივია, რომ მერკელი, რომელიც მთავარი "დამნაშავეა" ლტოლვილებით ევროპის "ავსებაში", გამალებული ეძებს რაიმე გამოსავალს. უფრო სწორად, ქვეყნებს, რომლებიც შეძლებენ, ევროკავშირის დაფინანსებით განუსაზღვრელი ვადით საკუთარ ტერიტორიაზე შეიკედლონ ათასობით ლტოლვილი.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, შეიძლება დღეებშიც, ასადი იწყებს ახალ სამხედრო ოპერაციას ოპოზიციის მიერ დაკავებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რასაც, ცხადია, 100 ათასობით ლტოლვილი მოჰყვება. ეჭვს არ იწვევს ის გარემოებაც, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადი უკვე გატკეპნილი ბილიკებით შეესევა ევროპას.

ეს გარემოებები იძლევა მხოლოდ ლოგიკური ეჭვის საფუძველს, რომ მერკელის ვიზიტის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ლტოლვილთა პრობლემა იქნება. რა კუთხით, რა ფორმატით და რა შედეგით, ამაზე, რასაკვირველია, მკითხაობა შეუძლებელია. სხვა არანაირი ინტერესი, არანაირი დაინტერესება რეგიონის მიმართ გერმანიის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის ჭრილში არ იკვეთება",- განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ლტოლვილების განთავსების საკითხი ამ შეხვედრის ფუნდამენტური თემა იყოს.

"გერმანიაში კარგად იციან საქართველოში შექმნილი ვითარება და საქართველოს მთავრობასაც აქვს არგუმენტები, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

"პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ შევთავაზებ და მივიღებ. არც ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მერკელი საჩუქრებს ჩამოგვიტანს. ჩვენ არა ვართ დიდი მოთამაშეები საჭადრაკო დაფაზე, თუმცა ევროპას აქვს თავისი ინტერესები.

"ჩემი აზრით, ანგელა მერკელის ვიზიტის მთავარი თემა იქნება საგარეო პოლიტიკა. გერმანიის კანცლერი ცდილობს, ევროპულ მაგიდაზე საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დადოს და ხელში აიღოს ინიციატივა, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისაუბროს როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან", - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

კორნელი კაკაჩია არ ფიქრობს, რომ ვიზიტის დროს ამ საკითხის სერიოზული პედალირება მოხდება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაციები, თუმცა საქართველოს მთავრობა უარყოფდა და არა მგონია, რომ ამჯერადაც ამ საკითხის სერიოზული პედალირება მოხდეს.

"თანაც, საქართველოს მთავრობას აქვს არგუმენტები, ჩვენ ლტოლვილთა არაერთი ტალღა გადავიარეთ, ქვეყანას თავად ჰყავს 300 ათასი ლტოლვილი და მათი სოციალური პირობები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.

"არც ის მგონია, რომ  ლტოლვილთა სტატუსის მაძიებლები სხვა ქვეყნებით დაინტერესდნენ. იყო შეთავაზება, მაგალითად, ესტონეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა აერჩიათ, მაგრამ მათ მაინც გერმანიას და შვედეთს მიაშურეს, უნდათ, უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში იყვნენ ლტოლვილის სტატუსით", - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×