ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის ივლისი საკმაოდ აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. ზედიზედ მეორე თვეა, საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და თხევადი გაზის (ელპიჯი) იმპორტი მატულობს. ამათგან საავიაციო ნავთის იმპორტი აღმავალი ტრენდით 2018 წლის პირველ 6 თვეშიც გამოირჩეოდა. რაც შეეხება თხევადი აირსა და სანავთობო ბიტუმს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ტემპმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მცირედით იკლო, თუმცა ივნისში ზრდა განიცადა და ეს ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2018 წლის ივლისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს (10,0 ათასი ტონა).
ქვეყნების მიხედვით ასეთი სურათია: 2018 წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქმენეთიდან - 8,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 65,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (30,3%), ეგვიპტე - 0,5 ათასი ტონა (4,1%).
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 53,5 ათასი ტონა, რაც 6,2 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (47,3 ათასი ტონა).
ბოლო რამდენიმე წელია, ბიზნესის ეს სფერო აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაზეც განსაკუთრებული გავლენა ტურიზმის სექტორის განვითარებამაც მოახდინა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამყარებს ხელისუფლების ამბიციას, რომ საქართველო, კერძოდ, თბილისი, საჰაერო ჰაბი გახდეს ამიერკავკასიის რეგიონში, რისი პოტენციალიც დიდია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ საავიაციო ნავთის იმპორტში ზრდადი ტენდენცია წლიდან წლამდე გრძელდება, რაც ძირითადად საერთაშორისო რეისების ზრდით არის განპირობებული.
"სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საავიაციო ნავთის მოხმარება ქვეყანაში ზრდად ტემპს ინარჩუნებს, რაც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ავიარეისები არის გაზრდილი. მართალია, შიდა მოხმარებამაც მოიმატა, მაგრამ დიდწილად იმპორტის ზრდა სწორედ საერთაშორისო რეისების გააქტიურებას უკავშირდება.
საქართველოდან ევროპის მიმართულებით არა მარტო საჰაერო რეისები ხორციელდება, არამედ ტრანზიტულად გადის სხვადასხვა საჰაერო საშუალებებიც. ზრდა ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტორი და დადებითი მოვლენაა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ტურიზმი ვითარდება, დამსვენებლების რაოდენობა გაზრდილია, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რამდენადაც მატულობს ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალიც, რაზეც ქვეყანა დიდ იმედს ამყარებს", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება ხარისხს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საავიაციო ნავთი არის სეგმენტი, სადაც ხარისხზე არავინ დავობს, რადგან სტანდარტი ყველა შემთხვევაში დაცულია.
"ხარისხთან დაკავშირებით საავიაციო ნავთი, სხვა ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, მოწინავე პოზიციაზეა და ეს ყოველთვის ასეა. აქ შეცდომა გამორიცხულია, რადგან ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს, რაც ყველას აქვს გაცნობიერებული. ამიტომ საავიაციო ნავთს სისტემატურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. აბსოლუტურად ყველა პარტია საგულდაგულოდ მოწმდება მოხმარების წინ, ამას უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს. აქ შეცდომა დაუშვებელია. ჩვენ ხარისხთან დაკავშირებით შენიშვნა არ გვაქვს, უპირობოდ შემოდის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მოხმარებისთვის მისაღებია", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტს, 2018 წლის ივლისში შეადგინა 11,8 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს (11,2 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა, რაც 8,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (53,9 ათასი ტონა).
გარდა ამისა, 2018 წლის ივლისში საქართველოში გათხევადებული აირების - პროპან-ბუტანის ნაერთის (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს (1,4 ათასი ტონა).
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეებში გათხევადებული აირების - პროპან-ბუტანის ნაერთის იმპორტმა შეადგინა 7,8 ათასი ტონა, რაც 1,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (9,2 ათასი ტონა).
"საგზაო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება ასფალტის წარმოებისას. 2017 წელს ქვეყანაში გზების მშენებლობა გასული წლების მსგავსად საკმაოდ მასშტაბური იყო, რითაც აიხსნება გასულ წელს საგზაო ბიტუმის იმპორტის ზრდა. მთლიანობაში პიკური მაღალი მოხმარება ზაფხულშია. ველოდებით, რომ მომდევნო თვეები ამ თვალსაზრისით აშკარად უკეთესი იქნება და იმპორტი მაღალ მაჩვენებელზე გავა. სამომავლოდ გზების მშენებლობა გააქტიურდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რაც სატრანსპორტო დარგს მნიშვნელოვნად განავითარებს", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.
მისი ვარაუდით, ნავთობპროდუქტების იმპორტი სამომავლოდაც მნიშვნელოვნად მოიმატებს.
"ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი გრძელდება. ახლა ქვეყანაში დიდ საავტომობილო მოძრაობაა, შვებულების სეზონია, გადაზიდვის ინტენსივობაა, ინფრასტრუქტურული პროექტები მატულობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც გააქტიურებულია. ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ტურისტული სეზონიც ახდენს. შესაბამისად, ველოდებით, რომ 2018 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.