ფქვილის ღირებულება კრიტიკულ ზღვარზეა, მეპურეებსაც ძალისძალად უჭირავთ ფასი, რომ პური არ გაძვირდეს. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან ფასების დარეგულირების პროცესი დაიწყება და ამაში მთავრობაც ჩაერევა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არაფერი თქმულა. ბაზარზე სპეკულაციაა, მაგრამ რეალური მიზეზის დადგენით არავინ ინტერესდება.
მეწარმეების განცხადებით, არნახული ძალისხმევა გასწიეს, რომ ფასი 46 ლარამდე არ გაზრდილიყო, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევდა. "ბიზნეს-რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მასშტაბური გაძვირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სამთავრობო სტრუქტურები ჩაერთვნენ. ესეც "რეზონანსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. დაახლოებით 5 დღის წინ 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, ჯერ კიდევ სამი თვის წინ კი 36 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება.
მეპურეები ვარაუდობენ, რომ არსებული ფასი მომდევნო 1 კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება, მაგრამ გაუგებარია, როგორ შეიცვლება ფასის დინამიკა - კლებისკენ წავა თუ გაძვირებისკენ აღებულ კურსს გააგრძელებს.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფასის კიდევ მეტად გაზრდის რეალური მოლოდინი არსებობს. ამასთან, იგი არ მალავს, რომ ბაზარზე არნახული სპეკულაციაა და არსებული ვითარებით შესაბამისი სტრუქტურები უნდა ინტერესდებოდნენ.
"ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ფასი როგორმე შენარჩუნდეს, მაგრამ ეს მარტივი პროცესი არ არის. საბაზრო ეკონომიკის პრინციპები თუ არ შეიქმნა და კონკურენციას შეასუსტებენ, ფასები აიწევს, ეს ლოგიკურია. წარმოდგენაც არ მინდა, რა უნდა ქნას მცხობელმა და როგორ იმუშაოს, თუ მოიმატა ფქვილის ფასმა და ბუნებრივი აირის გადასახადმა!
ბოლო 2-3 დღეში ფასი არ შეცვლილა და ამ ეტაპზეც 43 ლარია. ველოდი, რომ 46 ლარამდეც გაძვირდებოდა 1 ტომარა ფქვილის ღირებულება, მაგრამ საქმე აქამდე არ მივიდა, რადგან ფასმა უკანასკნელ დღეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ისედაც 30%-იანი სხვაობაა, რაც ნამდვილად სპეკულაციური მომენტია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება", - ამბობს დოლიძე.
აყველაზე მთავარი ისაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ფასი არ შეცვლილა და არც საქართველოშია საფუძველი, რომ პური გაძვირდეს.
"კერძო ორგანიზაციები რუსეთში იხვეწებიან, რომ ფქვილის ყიდვის პროცესი გავააქტიუროთ, მაგრამ გადამზიდავებს სერიოზული ბარიერი აქვთ, გზებზე მათ გაუმართლებლად აფერხებენ. სრული გაურკვევლობაა, 300 გადამზიდავს შემოაქვს ფქვილი საქართველოში და იქამდე გაურთულეს მდგომარეობა, რომ უკვე სომხეთისთვის დაიწყეს მუშაობა, გეზი შეიცვალეს და სხვა არჩევანი არც აქვთ. მეზობელ ქვეყნებში ფასი ოდნავადაც არ შეცვლილა. ამ საკითხით შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. ბარიერი კი არა, მარაგი შექმნან, თუ უნდათ, რომ ბაზარზე სტაბილური ვითარება იყოს და ფასიც - მისაღები. 1 კგ პური 1,15 თეთრი ჯდება. ხარისხი რომ გაუმჯობესდეს, ზედმეტი დანახარჯია საჭირო.
გამოდის, მწარმოებლები უნდა წნეხში მოაქციონ და გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუძვირონ პური, რაც ქვეყანაში სოციალურ პრობლემას გამოიწვევს. ველოდები, რომ 1 კვირაში გაირკვევა ვითარება, ახლა ბაზარზე სრული ქაოსია და უცნობია, როგორ შეიცვლება პურის ფასი საქართველოში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.
გაუგებარია ისიც, რატომაა ჟინვალთან ტრაილერების კოლონა ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად შეფერხებული და რატომ გადის ხორბალი საქართველოდან სომხეთში.
სპეკულაციის ფაქტორზე საუბრობენ ტრაილერების მძღოლებიც. სამიოდე დღის წინ მათ სპეციალური წერილით მიმართეს "რეზონანსს", რომელშიც დაადასტურეს, რომ ბაზარზე არნახული სპეკულაციაა:
"მაშინ, როდესაც საქართველოში ფქვილის ფასი მატულობს, გაკვირვებას იწვევს რუსეთიდან საქართველოში მომავალი მანქანების ხელოვნურად შეჩერება. რა მიზეზს არ ეძებენ! აშკარად ხელოვნურად სურთ ფქვილზე ფასის აწევა. თურქებს გააქვთ და გააქვთ რუსეთიდან როგორც ფქვილი, ასევე ხორბალი, ჩვენ კი რატომღაც ხელოვნურად ვაფერხებთ.
ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო 30%-ით ფქვილის ფასის მატება. სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთი კაპიკითაც არ შეცვლილა ფქვილის ფასი, ჩვენში კი 1 ტომარა 35 ლარიდან 44 ლარი გახდა. ასე თუ გაგრძელდა, პურის ფასიც მოიმატებს", - აღნიშნულია მძღოლების წერილში.
ფქვილის ფასთან დაკავშირებით სხვა არგუმენტი აქვს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ ლევან სილაგავას, რომელიც ტენდენციას რუსეთის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებას უკავშირებს. იგი არ გამორიცხავს, რომ ფქვილის იმპორტის გაძვირების შემთხვევაში ალტერნატიულ ბაზრებზეც დაიწყოს საუბარი.
"სპეკულაციასთან დაკავშირებულ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ძალიან ობიექტური პროცესია რუსეთში, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მოგვწონს თუ არა, რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული. წელს იქ მოსავალი შემცირდა. შარშან მარცვლეულის ექსპორტი რუსეთიდან იყო 135 მლნ ტონა, აქედან 52 მლნ ტონაა ხორბალი. წელს მარცვლეულის საპროგნოზო საექსპორტო მაჩვენებელი არის 104 მლნ ტონა და აქედან ხორბალზე 44 მლნ ტონაა. შეცვლილია ექსპორტის ფასიც.
შეიძლება ითქვას, დღეს მსოფლიო ბაზარი დაძაბულია, რასაც საქართველოში სავალუტო ცვლილებაც ემატება და ესეც უარყოფითად მოქმედებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ფქვილის ფასის ზრდა, თუმცა უახლოეს პერიოდში დარეგულირებას ველოდებით. აღსანიშნავია, რომ არსებობდა გარდამავალი მარაგიც, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ძირითადი მოწოდება მანქანებით ხდებოდა.
დღეს იმის წინაშე ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე 2 კვირის წინ მომხდარმა ცვლილებამაც იმოქმედა. გარკვეული სტაბილიზაცია იგრძნობა, მაგრამ პროგნოზის ძალიან ჭირს. ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ თუ რუსული ხორბლის ექსპორტი გაგვიძვირდება, ალტერნატიულ ბაზრებზეც შეიძლება დავფიქრდეთ, როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი და სხვა. თუმცა კონკრეტულად ამ მომენტში ეს საჭიროება არ არის", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სილაგავა.
თუკი ფქვილის ღირებულება არ დაიწევს, პურის ფასის შენარჩუნება გაჭირდება. პარალელურად, კომერციული სუბიექტებისთვის თბილისში გაზის გაძვირება იგეგმება, რაც მეპურეებისთვის ისედაც დამატებითი წნეხი იქნება. თუკი ფქვილი არ გაიაფდება, ასეთ სიტუაციაში არ არის გამორიცხული, მეპურეებს საბოლოოდ პროდუქტზე ფასის კორექტირება დასჭირდეთ.