რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით აეკრძალა. როგორც უნივერიტეტში აცხადებენ, „800-მდე სტუდენტის არჩევანი იგნორირებული იქნა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში".

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანლის თამარ სანიკიძის მტკიცებით, სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი უნივერსიტეტს დავალიანება გახდა, რომელიც მას სახელმწიფოს მიმართ აქვს.

„ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები", - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას. არსებულ სტუდენტებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×