თამარ შუკვანი
21.08.2018

 რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ შუეძლია, რადგან ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სანქციები რეალურად კონგრესს ეკუთვნის და ამ საკითხთან მიმართებაში ტრამპი უძლურია.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი უკრაინისა და სირიის თაობაზე მოსკოვთან შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხს არასდროს დათანხმდება და შეიძლება ითქვა, რომ რუსეთი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"გაცილებით მწვავედ დგას უკრაინის პრობლემა, რადგან მოსკოვი არავითარ შემთხვევაში იმ დათმობებზე არ წავა, რომელსაც დასავლეთი ითხოვს. მერკელთანაც იყო საუბარი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანაზე, მაგრამ რუსეთი წინააღმდეგია ეს ძალები აკონტროლებდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარს. ამიტომაც, რუსეთი ამაზე არასოდეს წავა, რადგან ამ საზღვარს იყენებს თავისი შეხედულებებისამებრ და პრაქტიკულად, მისთვის ეს საზღვარი არ არსებობს," - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, სირიაში დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად რუსეთს თანხა არ გააჩნია, ევროპა და ამერიკა კი ამის აღსადგენად თანხას არ გამოყოფს. რაც შეეხება დაწესებული სანქციების გაუქმების საკითხს, ცინცაძის განცხადებით, ტრამპს მისი გაუქმება არ შუეძლია, რადგან დაწესებული სანქციები კონგრესს ეკუთვნის და მხოლოდ მას შეუძლია ამ სანქიცების გაუქმება.

"რაც შეეხება სირიას, ამერიკისთვის და ტრამპისათვის მთავარია, რომ სირია პრობლემიდან გამოვიდეს, მაგრამ არსებობს სერიოზული სირთულეები; საკითხი დგება დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და რუსეთს ამის ფული არ აქვს. ხოლო, ევროპა და ამერიკა ამისთვის თანხას არ იძლევიან.

"ტრამპს არ შუეძლია ყველა სანქცია უცებ გაუუქმოს, რადგან სანქციების უმრავლესობა და ყველაზე რთული სანქციები კონგრესის გადაწყვეტილებით არსებობს და აქ ტრამპი უძლურია, რადგან მხოლოდ კონგრესს შეუძლია გააუქმოს აღნიშნული სანქციები," - აცხადებს ის.

მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ადრეა, რადგან ქურთების მხარდაჭერის საკითხი, რომელიც "აქილევსის ქუსლსს" წარმოადგენს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.

"დღეს საუბარი იმაზე, რომ უკვე არსებობს შეთანხება, საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან იქ ასადისადმი არსებობს ე.წ. დემოკრატიული ოპოზიცია, რომელსაც ამერიკა მხარს უჭერს და კონგრესი არ წავა იმაზე, რომ ამერიკამ შეწყვიტოს ეს მხარდაჭერა. უბრალოდ, შეთანხმება თუ მოხდება, რომ ასადმა ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამ დემოკრატიულ ძალებს უფლება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა.

"ქურთების პრობლემა "აქილევსისი ქუსლია." ქურთებს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და მათი კატეგორიული მტერია, როგორც თურქეთი, ასევე, მასთან ნახევარ კავშირში მყოფი რუსეთი. ჯერჯერობით მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვაზეა საუბარი," - აღნიშნა მან.

ცინცაძის განცხადებით, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იმიტომ არ დგას, რომ საქართველოში არსებობს სტაბილური მდგომარეობა და აღნიშნული ფაქტის გადაფარვას სირიისა და უკრაინის მწვავე საკითხი ახერხებს.

"საქართველოს საკითხი იმიტომ არ განიხილება, რომ სხვა მწვავე საკითხები დგას. საქართველოში სისხლი არ იღვრება, კრიზისი არ აღინიშნება, ომი არ არის, უკრაინაში კი ომი მიმდინარეობს.

"საქართველოში ასე თუ ისე არსებობს სტაბილური მდგომარეობა; ის ფაქტი, რომ მუდმივად ხდება საზღვრების გადმოწევა, ადამიანების გატაცება და სხვა, ეს ყველაფერი გადაფარულია იმ დიდი ჰუმანიტარული ტრაგედიით და კატასტროფით, რაც სირიაში მოხდა," - განაცხადა მან.

მისი თქმით, სირიის მილიონობით ლტოლვილი მერკელისა და ევროპის მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამ საკითხის აქტუალურობაც ამიტომ არსებობს. ცინცაძის განცხადებით, საქართველო მეორე პლანზე დგას და ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მხრიდან მეტი მხარდაჭერა, რის ნიადაგსაც ქართული დიპლომატია უნდა ამზადებდეს.

"სირიაში მილიონობით ადამიანია ლტოლვილი, რომელთა სირიაში დაბრუნება აუცილებელია, რადგან ევროპა მუდმივად მათ შენახვას ვერ შეძლებს. ეს ყველაფერი, თავისთავად, მერკელის პრობლემა და თავის ტკივილია. ამ ყველაფრის ფონზე, სირია არის ცხელი წერტილი და რაც შეეხება საქართველოს, იგი არ მოიაზრება ცხელ წერტილად.

"დღეს პრიორიტეტი საქართველო არ არის. პრიორიტეტი დღეს არის უკრაინა და სირია. დასავლეთის თავის ტკვილია უკრაინაა, სადაც ომია და სისხლი იღვრება. ამ შემთხვევაში 20 მილიონიან ქვეყანასთან აქვთ საქმე.

"ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო მეორე პლანზეა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოს დღეს დასავლეთის გაცილებით დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რასაც უნდა ამაგრებდეს ქართული დიპლომატიის ეფექტურობა," - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×