რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული, საბავშვო ბაღსა და სკოლაში შესაძლოა, არ მიიღონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამ სახის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო ეტაპზე, მშობლებზე სანქციებიც შემოიღონ. იმნაძის თქმით, ევროპის ქვეყნებში - გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მსგავსი პრაქტიკა დანერგილია.

„თანამედროვე ვაქცინები არის ძალიან მაღალეფექტური და პრაქტიკულად, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთი მილიონიდან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ ნებისმიერი ნემსის ჩხვლეტა შეიძლება იყოს სარისკო. ამიტომ, თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია, მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური.

სავალდებულო აცრებს რაც შეეხება, პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის მიიღებს ამას. ეს არის ევროპული გამოცდილება, ევროპის წამყვან ქვეყნებში - საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულოა. ბაღში, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის არ არის აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც პარლამენტში მიმდინარეობს ეს მსჯელობა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება. ჩანაწერი აუცილებლად გაჩნდება, რომ ეს არის სავალდებულო", - განუცხადა „პირველ არხს" პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×