(რეზონანსი) სამეგრელოს რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ზრუნავს - ამის შესახებ განცხადება შინაგანს საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ახალი გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.
გახარიას თქმით, მთავრობის მხრიდან სამეგრელოზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული.
„საქართველოს წარმატება გაიზომება რამდენიმე კუთხიდან - განსაკუთრებით ქალაქების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, ბათუმი და ეს უნდა იყოს და იქნება ზუგდიდი. შესაბამისად, ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში და ღვაწლში მიიღოს მონაწილეობა. უნდა ვიზრუნოთ და უნდა ვიშრომოთ ორჯერ მეტად. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მიმართული სამეგრელოზე - განსაკუთრებით ზუგდიდზე.
"არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, რომ იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ დროებითი საზღვრით, რომელიც არის გვერდზე და შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებულები ვართ, სხვა რომ არაფერი იყოს, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები", - მიმართა გიორგი გახარიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე.